წინა წელს გაჟღერებული საკითხი 17 ათასი მეგავატის მშენებლობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბუნდოვანია – გიორგი აბრამიშვილი

2025 წელი ნამდვილად გამოირჩეოდა ტურბულენციით, განსაკუთრებით – ენერგეტიკის სექტორში, – ასე აფასებს 2025 წლის მანძილზე ენერგეტიკის მიმართულებას GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი.
როგორც გიორგი აბრამიშვილი რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას აღნიშნავს, ენერგეტიკის სამინისტროს ახალი გუნდი დიდი შემართებით შეუდგა საქმიანობას, თუმცა, თამაშის წესები რადიკალურად შეიცვალა, რამაც გარკვეული ტურბულენცია გამოიწვია. ამასთან ერთად, ჯერ კიდევ ბუნდოვანია 2025 წლის დასაწყისში გაჟღერებული საკითხი 17 ათასი მეგავატის მშენებლობასთან დაკავშირებით.
„მოვიდა ახალი გუნდი სამინისტროში, ენერგეტიკულ კომპანიებში და რაც აღნიშვნას იმსახურებს, ეს ახალი გუნდი ძალიან დიდი შემართებით შეუდგა თავის საქმიანობას, თუმცა, რადიკალურად შეიცვალა თამაშის წესები, მიდგომები, რამაც ტურბულენცია გამოიწვია ჩვენს სექტორში. ზოგადად, ენერგეტიკა ძალიან გრძელვადიანი ბიზნესია, ამიტომ ძალიან მტკივნეულად რეზონირებს ცვლილებებსა და არასტაბილურობაზე. წელი დავიწყეთ ისე, რომ 17 ათასი მეგავატის მშენებლობა უნდა მომხდარიყო განახლებად ენერგიებში, ყოველ შემთხვევაში, ბიზნესში იყვნენ ამის მსურველები, სახელმწიფოც ამბობდა, კი ბატონო, ჩვენი კარი ღიაა, მაგრამ დღემდე გაურკვეველია, ამ 17 მეგავატიდან რამდენი გარდაიქმნება სინათლედ“, – აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.
გიორგი აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ ტურბულენტობის დროს ახალი ინვესტიციების განხორციელება ძალიან რთულია, განსაკუთრებით ისეთ გრძელვადიანი ინვესტიციების, როგორსაც ენერგეტიკა და განახლებადი ენერგიები მოითხოვს. შესაბამისად, ინვესტორები მოლოდინისა და დაკვირვების რეჟიმში იყვნენ.
„მეორე მხრივ, ინვესტორები ძალიან დადებითად აფასებენ იმ მონდომებას, რომელიც მთავრობამ გამოიჩინა იმისთვის, რომ აღედგინა ნდობა სექტორის მიმართ. მათ შორის, აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო ელექტროსისტემაში ჩატარებული რეფორმები, ზოგადად, მათი მიდგომები და პირდაპირი მნიშვნელობით, გახსნილობა კერძო სექტორის მიმართ.
რაც შეეხება მოლოდინებს, საჭიროა უფრო მეტი სიცხადე, მეტი კონკრეტიკა და მეტი თანმიმდევრულობა. ძალიან კარგია ახალი ინიციატივები, ძალიან კარგია ახალი მიდგომები, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა წინ, სხვათა შორის, ბევრი გაჩერებული პროექტი დაიძრა, მაგრამ მაინც საჭიროა მეტი სიცხადე და კონკრეტიკა. ბიზნესს არ უყვარს ბუნდოვანება. კიდევ ერთი მოლოდინი, რომელიც გვაქვს, არის ბიუროკრატიის შემცირება. იმედია, 2026 წელს მთავრობა ერთი ფანჯრის პრინციპს შემოიღებს და შეძლებს კერძო ინვესტორი, მთლიანი ბიუროკრატიის გავლას“, – განაცხადა რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას გიორგი აბრამიშვილმა.