“წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ექცეოდნენ არაადამიანურად, აწამებდნენ, ახორციელებდნენ მათ მიმართ როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას” – პროკურორი, ფაშისტური დაჯგუფების წევრებზე

წინასწარი პატიმრობა ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრს – საქალაქო სასამართლოში პროცესი გვიან ღამით დასრულდა. სხდომა დახურული იყო, რადგან საბრალდებო სკამზე მსხდომებს შორის 10 არასრულწლოვანია. ისინი განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე, რომელთა შორის 10-ზე მეტი დაზარალებული არასრულწლოვანია. დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმაზე აქვეყნებდნენ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე სისტემატურად ძალადობდნენ მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირთა გარკვეული წრის მიმართ. კერძოდ, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ექცეოდნენ არაადამიანურად, აწამებდნენ, ახორციელებდნენ მათ მიმართ როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას. ხშირ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ძალადობის ამსახველ კადრებს იღებდნენ საკუთარი მობილური ტელეფონით, რომელსაც ავრცელებდნენ კონკრეტულ ჯგუფებში, ასევე სხვადასხვა სოციალურ ქსელში.

ბრალდების მხარემ, როგორც მოგეხსენებათ, 16-ივე პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. მათ მიმართ ვითხოვდით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას და ბრალდების მხარე აპელირებდა, რომ მათი მხრიდან არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მიმალვისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეები. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია როგორც საფრთხეებთან მიმართებით და 16-ივე მათგანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.

რაც შეეხება ლიდერებს, კონკრეტულ შემთხვევაში მოცემულ საქმეზე დადასტურებული არის, რომ თავად უწევდნენ ორგანიზებას და თავად იღებდნენ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში მონაწილეობას თითოეული მათგანი.

რაც შეეხება ორგანიზატორებს, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე როგორც მოგეხსენებათ, კონკრეტული დანაშაულის ორგანიზების მუხლით პასუხისგებაში არიან მიცემულები და მსჯავრდადებულები არიან უკვე“, – აცხადებს პროკურორი თორნიკე მახათაძე.