წინასწარი მოკვლევით, სუ-25 გაფრენამდე სრულად შემოწმებული იყო – თავდაცვა პილოტის დაღუპვაზე

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სუ-25 საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე ნაპოვნია შავი ყუთი. უწყების ცნობით, წინასწარი მოკვლევით, ვერტმფრენის გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა.
“თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.

ტრაგიკული ინციდენტის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, შესაბამისი სამსახურების მიერ ყველა საჭირო პროცედურა ტარდება. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. დაღუპული მფრინავის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში.

მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 401-ე მუხლით, სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე. გენერალური პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია” – წერია თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, 2 ივლისს სამხედრო სწავლების დროს, მათმა საფრენმა აპატარმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.