საკონდიტრო „დონას“ საახალწლო გაყიდვები 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, 15-20%-ით შეუმცირდა, – ამის შესახებ საკონდიტროს მენეჯერმა, თამილა ბეჟანიძემ BM.GE-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ამ დროს ბევრად უფრო აქტიურად მუშაობდნენ.
მისივე თქმით, აღნიშნული პრობლება მთლიანად სექტორში დგას, რადგან ადამიანები ბოლო ერთი თვეა უფრო ფრთხილად ხარჯავენ ფულს და რესურსს ზოგავენ.
„2024 წელი სტაბილურად აქტიური იყო. ზაფხული იყო საკმაოდ ხალხმრავალი, დატვირთული და ხმაურიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრად შეჩერდა აქტივობა. წინასაახალწლოდ, გასულ წლებში გაცილებით აქტიური წელი იყო. გაყიდვები 15-20%-ით შეგვიმცირდა, რაც ჩვენთვის უჩვეულოა. წინა საახალწლოდ უფრო აქტიურ წინა საახალწლო მზადებას ვართ მიჩვეული. მაგრამ როგორც ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისგან, ამასთან დისტრიბუტორებისგან ვიგებთ, ყველგან ერთნაირი სიტუაციაა.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ჩვენზე პირდაპირ აისახა, რადგან მომხმარებელი უფრო ფრთხილად ხარჯავს ფულს. რა მოხდება მომავალში, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა თუ ასე გაგრძელდა მოვლენები, სავარაუდოდ, მომხმარებელიც შედარებით უფრო ეკონომიურ ხარჯვას გააგრძელებს, რაც ჩვენს გაყიდვების რაოდენობაზეც აისახება. დოლარის და ევროს ცვლილება კი იმპორტირებულ პროდუქტს კიდევ უფრო გააძვირებს“,- აცხადებს საკონდიტროს მენეჯერი.
მისივე ცნობით, კომპანიას წინა საახალწლოდ პროდუქციის შესყიდვები მნიშვნელოვნად გაუძვირდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებლებს დაჰპირდნენ, რომ ფასებს არ გაზრდიდნენ, „დონას“ საკონდიტრო ნაწარმზე ფასები წინა საახალწლოდ არ გაზრდილა.