პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან ერთად, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად დაიწყო.
წინასაარჩევნო კამპანია კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება, რა დროიდანაც არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია და საარჩევნო სუბიექტი თანასწორი უფლებებით და თანაბარი ვალდებულებებით სარგებლობს.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.
პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.
“საარჩევნო კოდექსი“ იმ პირთა წრეს განსაზღვრავს, ვისაც წინასაარჩევნო კამპანიაში/აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალება. კანონის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა შემდეგი პირებისა: – საარჩევნო კომისიის წევრისა; მოსამართლისა; პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელისა; გენერალური აუდიტორისა; სახალხო დამცველისა; უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა; საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა; მარეგულირებელი კომისიების წევრებისა.
გარდა ამისა, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალებათ საჯარო მოსამსახურეებს, სსიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლებს, სკოლამდელი აღზრდის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორებსა და აღმზრდელ-პედაგოგებს სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ისინი უშუალოდ სამსახურებრივ უფლებამოსილებებს ახორციელებენ.
წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ ეზღუდებათ: პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებს, აგრეთვე, საკრებულოს წევრებს, გამგებლებსა და მერებს, სახელმწიფო რწმუნებულს − გუბერნატორს.
აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში: – აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, სასამართლოები და სამხედრო ნაწილები.
“საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში. მათ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი.