„ქართული ოცნების“ წევრი, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესების გაგრძელებით მეტი ფაქტი გასაჯაროვდებოდა და მეტი „სიბინძურე“ ამოიყრებოდა.
ამიტომ, მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოძიებასთან თანამშრომლობით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ითანამშრომლა გამოძიებასთან… რა თქმა უნდა, მან ყველა რისკი გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა, ალბათ, არავისთვის იქნებოდა სასურველი. მათ შორის სასამართლო პროცესები, ალბათ, სწორედ ამას უზრუნველყოფს, ხომ? უამრავი მოწმე იკითხება, ფაქტი საჯაროვდება და ალბათ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღო მან გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12 იანვარს დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
დამატებითი სასჯელის სახით მას დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. ასევე, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.
„ქართული ოცნების“ ორგზის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც სხვადასხვა დროს იკავებდა შს და თავდაცვის მინისტრის პოსტებსაც, 2025 წლის 24 ოქტომბერს ბრალი წაუყენეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).
აღნიშნული დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა საპროცესო შეთანხმებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
პროკურატურის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობაზე ყოფნისას ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და თანამდებობრივი სარგოს გარდა, სხვა ანაზღაურების მიღება, ფარულად ეწეოდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს.
„ზემოხსენებული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს – 830 000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში.
გარდა აღნიშნულისა, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.
პარალელურად, მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა, ჯამში, 3 670 172 ლარი.
ამავდროულად, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი, მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6 500 000 აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად“, — აცხადებდა პროკურატურა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა.
24 ოქტომბერს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით არასაპატიმრო გირაო შეუფარდა. ექსპრემიერს ასევე ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა ქვეყნის დატოვება.
ღარიბაშვილის საქმეზე მომდევნო სხდომა 2025 წლის 12 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა, მოულოდნელად, პროცესი ერთი თვით ადრე, 12 იანვარს ჩაინიშნა. ღარიბაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ღარიბაშვილს ჩამოერმევა ორი მანქანა.
ადვოკატის თქმით, ღარიბაშვილმა საკუთარი ბრალი აღიარა, სხვა ვინმეს წინააღმდეგ კი ჩვენება არ მიუცია და არც მომავალში აპირებს.
ადვოკატმა ვერ დააკონკრეტა, რომელ დაბრაზში გაიმართა პროცესი ჟურნალისტების გარეშე. თუმცა ამბობს, რომ მოსამართლე მეია მელქაძე იყო და არა ეკა ბარბაქაძე, რომელსაც საქმე ეწერა.




