წერეთლის შემდგომ მარშალ გელოვანისა და რობაქიძის ქუჩების მოდიფიცირება იგეგმება – საკრებულო

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ თბილისში მარშალ გელოვანის და რობაქიძის ქუჩების მოდიფიცირება იგეგმება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისია ავრცელებს.
როგორც ნეტგაზეთს თბილისის მერიაში განუცხადეს, მოდიფიცირებაში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების მოწყობა იგულისხმება. მათივე განცხადებით, საუბარია ბასლეინებზე [ავტობუსის ზოლი], თუმცა ზუსტად სად და როგორ მოეწყობა, ჯერჯერობით უცნობია და ეს ინფორმაცია ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
რობაქიძის ქუჩაზე, რომელიც დიდუბის გავლით წერეთლის გამზირს უკავშირდება, ბასლეინები ისედაც არის, ოღონდ გზის განაპირას და არა შუაში, როგორც ეს წერეთლისა და ჭავჭავაძის გამზირებზე.
კომისიის ცნობით, გაცემულია დავალება დიდი დიღმის სარკინიგზო კავშირის მიზანშეწონილობის კვლევასთან დაკავშირებით.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თანახმად, ასევე, მიმდინარეობს დადიანის ქუჩის და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელი ხიდის კონცეფციაზე მუშაობაც.
„ზემოხსენებული პროექტების გარდა, კომპანია „რამბოლის“ მიერ შემოთავაზებული ძირითადი რეკომენდაციებიდან რამდენიმეზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა. მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილი მეტროს შერჩეული სადგურების რეაბილიტაციის და მისაწვდომობის გაუმჯობესების (მათ შორის მეორე ამოსასვლელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებით) პროექტი.
ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სატრანზიტო დერეფნებზე გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მიმდინარეობს დადიანის ქუჩის და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელი ხიდის კონცეფციაზე მუშაობა. პარალელურად, მიმდინარეა საავტობუსო ქსელის რესტრუქტურიზაცია და გამართვა, რომელიც დროში გაწერილი პროცესია და ბევრ ისეთ ფაქტორზეა დამოკიდებული როგორიცაა – საავტობუსო პარკის განახლება, 18-მეტრიანი ავტობუსების დამატება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ადამიანური რესურსები“, – ნათქვამია საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის განცხადებაში.
წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო და ბოლო ინფორმაციით, 2024 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. 16 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი გაუწყვიტა. წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების მიზნით ახალი კომპანიის გამოსავლენად მერიამ 17 704 253 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.
17 იანვარს, დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მიზნით ოთხ კომპანიასთან გააფორმეს ხელშეკრულება. მ პირობა დადო, რომ გამზირის სამანქანო ნაწილი იანვრის ბოლომდე გაიხსნებოდა.
31 იანვარს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პირველ თებერვალს, წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი.