წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის შეუსრულებელი ტენდერის გამო “შავ სიაში” მყოფმა ერ-ტე-დემ “თეთრ სიაში” გადაინაცვლა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თებერვლის დასაწყისში “შავ სიაში” შეიყვანა ორივე კომპანია, რომლებიც წერეთლის გამზირზე მუშაობდნენ და რომლებთანაც ხელშეკრულებები დროულად შეუსრულებელი სამუშაოების გამო შეწყდა. ორიდან ერთი, ლუხუმ ქართლოსიშვილის კომპანია ერ-ტე-დე ამ დროისთვის თეთრ სიაშია. ამასთან, მონაწილეობს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის 367’000-იან ტენდერში.
კომპანიები ე.წ შავ სიაში მერიის მოთხოვნის საფუძველზე მოხვდნენ. კანონის მიხედვით, კომპანია, რომელიც “შავ სიაში” ხვდება 1 კალენდარული წლის განმავლობაში ვეღარ მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში.
იურისტი ბადრი ნიაური ამბობს, რომ აღნიშნული საქმე შესყიდვების სისტემაში არსებული ხარვეზი მაგალითია. მისი თქმით, პრობლემა შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან იწყება, რომლებიც არარეალურ პროექტებზე დაყრდნობით ტენდერებს აცხადებენ, რომელსაც ბიზნესები ვერ ასრულებენ. ნიაურის თქმით, ამ დროს სახელმწიფო ჯოხს ბიზნესზე ტეხს, თუმცა სხვადასხვა გზებით მაინც აძლევს საშუალებას ტენდერებში მონაწილეობა მიიღოს.
“კომპანიებს აძლევენ უფლებას ვიდრე შავ სიაში ჩასვამენ მიიღონ მონაწილეობა სხვა ტენდერებში, 1 თვიანი “ლუფტი” აქვთ. ამის შემდეგ კანონის სრული დაცვით შემსყიდველი აგზავნის შესყიდვების სააგენტოში განაცხადს, იმისთვის, რომ შავ სიაში დარეგისტრირდეს ეს კომპანია. შესყიდვების სააგენტოს აქვს შემდგომი ერთ თვიანი ვადა ამისთვის და ბუნებრივია ის უკვე ფორმალურად სამართლებრივად სწორად სვამს შავ სიაში.
ამის შემდეგ რჩება სასამართლო გზა, როცა ბიზნესი მიმართავს სასამართლოს, რომ უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდეს აქტის მოქმედება და როგორც ჩანს სწორედ ეს მექანიზმი ამუშავდა აქ და სასამართლომ შეაჩერა აქტის მოქმედება. ეს ისტორია მიგვანიშნებს, რომ კომპანია, რომლის ბრალეულობაც იყო წერეთლის გამზირის პროექტის არ შესრულება აღმოჩნდა თეთრ სიაში. სწორედ ამას ვამბობთ წლებია, სისტემა არის აბსურდული და შერჩევითი, მხოლოდ სახელმწიფო მიზნებისთვის შექმნილი.
აქ დგას კიდევ ერთი პრობლემა, ამ ისტორიას აქვს გაგრძელება. როცა სასამართლო დაასრულებს საქმის წარმოებას, პირველი ინსტანცია მეორე ინსტანციაში გასაჩივრდება. როგორც არ უნდა დასრულდეს მეორე ინსტანციაში საქმე, მაინც საჩივრდება უზენაეს სასამართლოში. ამას დასჭირდება 2-3 წელი. 2-3 წლის შემდეგ თუ აღმოჩნდება, რომ სამართლიანად უნდა ჩასმულიყო შავ სიაში ეს კომპანია, გაამწესებენ შავ სიაში. ეს სრულიად აბსურდია,რადგან კომპანია დღეს უნდა ჩაჯდეს შავ სიაში იმისთვის, რომ ამ პერიოდში არაფერი დააშაოს.
კიდევ დავამატებ ერთ დეტალს, კურიერის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული როდის მივა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოდან, სააპელაციოში, აპელაციიდან პირველ ინსტანციაში და ამის შემდეგ შესყიდვების სააგენტოში, რომლის შემდეგაც იწყება 1 წლის ათვლა. ანუ ჯამურად შეიძლება მივიღოთ, რომ კონკრეტულად ეს კომპანია შეიძლება აღმოჩნდეს 2027-2028 წელს შავ სიაში,” – აცხადებს იურისტი ბადრი ნიაური.
კითხვაზე მოაგვარებს თუ არა შესყიდვების ახალი კანონი სისტემაში არსებულ ხარვეზებს ნიაური გვპასუხობს, რომ პირველ რიგში ახალი კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ უნდა მოხდეს შავ სიასთან მიმართებით ამნისტიის გამოცხადება, რომ ბიზნესმაც და სახელმწიფომაც თეთრი ფურცლიდან დაიწყოს ახალი კანონით გაწერილი მოთხოვნების შესრულება.
“გამოსავალი არის კეთილნებაში, რაც პოლიტიკურ ნებას უკავშირდება. აუცილებლად უნდა გამოცხადდეს ამნისტია შავ სიასთან მიმართებაში, იმისთვის, რომ სუფთა ფურცლით მიუდგეს ყველა დამწყები თუ მოქმედი ბიზნესი ახალ კანონმდებლობას, იმიტომ რომ ზოგიერთი კომპანია შეიძლება კანონის ამოქმედებიდან რამდენიმე წელში აღმოჩნდეს შავ სიაში. სისტემამ თავისივე გამოცდილებაზე და შეცდომებზე უნდა მოახდინოს რეაგირება. ფოსტის კურიერზე არ უნდა იყოს დამოკიდებული კომპანიის ბედი. ახალი კანონი ამას ვერ დაარეგულირებს.,- ამბობს ბადრი ნიაური.
ცნობისთვის, შესყიდვების შესახებ ახალი კანონი საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის თებერვალში მიიღო და მისი ამოქმედება ეტაპობრივად 2025 წლიდან უნდა დაიწყო.