წერეთელზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა – რა სამუშაოები დარჩა მერიას და როდის დასრულდება სრული რეაბილიტაცია

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დროულად დასრულებას ყველაზე მეტად წერეთლის გამზირზე და მის ირგვლივ მცხოვრებლები ელოდნენ. ისინი ამბობენ, რომ აუცილებელი იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების, სანიაღვრე და გაზმარაგების ქსელის შეცვლა.
წერეთლის გამზირზე ჩატარებული სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა თავად შეამოწმა. კახა კალაძის თქმით, გზის გახსნასთან დაკავშირებით დაპირება შესრულებულია, დარჩენილი მიმდინარე სამუშაოები კი მარტში დასრულდება.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 9 თვის წინ, თბილისის მერიამ “მინელიუმ ბილდერს გრუპს” და “ერ ტე დეს” ჩააბარა. არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო, ორი კვირის წინ, მ კომპანიებთან ხელშეკრულება გაწყვიტა და ახალი შეთანხმება, “ბლექსი გრუპთან” , “პარმასთან”, “ენკოსთან” და “ჯეო გრუპთან” გააფორმა. კომპანიებს 14 დღე ჰქონდათ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად. 24 საათიანი მუშაობის შედეგად, წერეთლის გამზირის გზის მოწყობა დათქმულ ვადებში განხორციელდა.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია სრულად გაზაფხულზე დასრულდება. უსაფრთხოების კუნძულების მოპირკეთების შემდეგ, დამონტაჟდება გარე განათების ბოძები, ახალი შუქნიშნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები. ჩატარდება ტროტუარებისა და გამწვანების სამუშაოები.
აკაკი წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება შეიცვლება. შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან ავტომობილები ნონა გაფრინდაშვილის ქუჩის მიმართულებით მხოლოდ ხიდის მარჯვენა პანდუსიდან შეძლებენ გადაადგილებას. გაფრინდაშვილის ქუჩისა და კოსმონავტების სანაპიროს დამაკავშირებელი გვირაბიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა, ასევე შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით.