იმერეთში მდებარე ტურისტული ობიექტის „ქორენას“ დამფუძნებელი, მაიკო კეზევაძე აღნიშნავს, რომ 2025 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ცვლილებები შეინიშნება. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი თქმით, ტურისტული ნაკადი კვლავ აქტიურია და ობიექტი თითქმის ყოველდღიურად დატვირთულია, თუმცა ცვლილებები შეიმჩნევა ვიზიტორთა ხარჯვის მხრივ.
„ვერ ვიწუწუნებ, იმიტომ, რომ ჩემთან ნამდვილად არის სტუმარი და ყოველდღე თითქმის დატვირთულები ვართ. თუმცა, წელს უფრო ეკონომიური ტურისტები მოდიან. შარშან გაცილებით მეტი ხარჯვის მზაობა იგრძნობოდა – უფრო დიდი და აქტიური ჯგუფები გვყავდა“, – აცხადებს “ქორენას” დამფუძნებელი.
კეზევაძის თქმით, 2024 წელს მისი ტურისტული სივრცე უმეტესად 40-კაციან ჯგუფებს მასპინძლობდა, რომლებიც სხვადასხვა აქტივობით სარგებლობდნენ – იქნებოდა ეს ვახშამი, კულინარიული მასტერკლასები თუ სხვა სერვისები. წელს მსგავსი მასშტაბური ვიზიტები იშვიათია.
„შარშან, დღეში ორჯერ მაინც მოდიოდნენ დიდი ჯგუფები. წელს ასეთი ვიზიტები თვეში ორჯერ ან სამჯერ გვაქვს. მეტწილად უფრო პატარა ჯგუფებს ვმასპინძლობთ. მნიშვნელოვნად გაიზარდა სასტუმროში განთავსების მსურველთა რაოდენობა“, – თქვა მან.
რაც შეეხება წლევანდელი სეზონის ჯამურ შეფასებას, კეზევაძე ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით ტურისტული აქტივობა 20-30%-ით არის შემცირებული.
