„წელს ყველაზე ცოტა ტურისტი გვყავს“ – თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის მომხმარებლების 85-90% საქართველოს მოქალაქეა, დაახლოებით 10-15% კი ტურისტი. როგორც კურორტის აღმასრულებელი დირექტორი რედაქტ2-თან ინტერვიუში ამბობს, წელს ყველაზე ცოტა ტურისტი ჰყავთ. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა ბალნეოლოგიურ კურორტებზეც.
„ამ წელს ყველაზე ცოტა ტურისტი გვყავს, 10%-იც არ არის ტურისტი. რომ ჩავშალოთ 10%-დან 50% ჩვენი პაციენტია, 50% უბრალოდ გამვლელი, რომელმაც დაინახა ჩვენი შენობა და შემოვიდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში არავინ გვიკავშირდება, ჯავშნები არ გაუქმებულა, ზოგადად შემცირდა ტურისტების რაოდენობა არამარტო ჩვენთან, ანალოგიური სიტუაციაა სხვა ბალნეოლოგიურ კურორტებზეც“,-აცხადებს სალომე ყვავილაშვილი.
მისი თქმით, მთავარი სამიზნე აუდიტორია მათთვის ევროპელი მომხმარებლები არიან, რომლებიც გაცილებით მეტს ხარჯავენ, ვიდრე სხვა ქვეყნის ვიზიტორები.
სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის თბილისის ბალნეოლოგიურ ცენტრს ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და კანადიდან სტუმრობენ.