წელს გუდაურში 3 საბაგირო არ იმუშავებს იმის გამო, რომ „მთის ტრასების სააგენტოს“ მენეჯმენტი არ უვარგა – მირანდა ესაკია
წელს გუდაურში სამი საბაგირო: სნოუ პარკი, ძველი კუდები და საძელე არ იმუშავებს,- ამის შესახებ „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის“ თანადამფუძნებელმა, მირანდა ესაკიამ “კომერსანტთან” ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ამ დრომდე უცნობია, იქნებიან თუ არა კურორტზე სკი პატრულის წარმომადგენლები.
,,სეზონი ახლოვდება და ზამთრის კურორტებზე არაერთი პრობლემაა. მაგალითად, არ არის შემოწმებული საბაგიროები, წელს გუდაურს 3 მნიშვნელოვანი საბაგირო გამოაკლდა: სნოუ პარკი, ძველი კუდები და საძელე. წარმოიდგინეთ, 3 საბაგირო არ იმუშავებს წელს იმის გამო, რომ ემთიეი-ს (მთის ტრასების სააგენტო (MTA) მენეჯმენტი არ უვარგა. დანარჩენი საბაგიროები როგორ არის შემოწმებული და რა ხდება, არ ვიცით. მეორე პრობლემაა ის, რომ ტრასები არ არის ქვებისგან გაწმენდილი; მესამე: თოვლის მანქანები არ მუშაობს; მეოთხე: უსაფრთხოების კუთხით არ ვიცით, გვეყოლება თუ არა სკი პატრული და უზრუნველყოფენ თუ არა მანიშნებლების განთავსებას, რომლებიც ბოლო წლებში საერთოდ არ ჰქონდათ მთაზე; მეხუთე: არ გვაქვს ამბულატორია. არაფერი მოგვარებულა გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი ხანი ვითხოვდით გზას და როგორც იქნა, წელს გზა დაიგო თავისი საფეხმავლო ბილიკით. კარგი ამბავი მხოლოდ ეს მაქვს. დანარჩენი, რასაც წლებია, ვითხოვთ და მათი ვალდებულებაა, გააკეთონ, მოუგვარებელია”,- აღნიშნა ესაკიამ.
