2025 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მოცულობა1,5 მილიონი ტონა იქნება. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ.
„2024 წელს ყაზახური ნავთობის ტრანზიტმა BTC-ით 1,4 მილიონი ტონა შეადგინა, გეგმით კი 1,5 მილიონი ტონის გატარება იყო ნავარაუდევი. BTC-სთვის 2025 წლის გეგმა რჩება 2024 წლის დონეზე – 1,5 მილიონი ტონა ნავთობი“, – აცხადებენ სამინისტროში.
როგორც ცნობილია, 2023 წელს აქტაუს პორტიდან BTC სისტემაში 1 მილიონ ტონაზე მეტი ყაზახური ნავთობი შეიტვირთა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს KazMunayGas-მა და SOCAR-მა ხელი მოაწერეს ხუთწლიან ხელშეკრულებას აქტაუ-ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტზე ნავთობის ტრანზიტის შესახებ, წლიური მოცულობით 1,5 მილიონი ტონა.
გასული წლის ბოლოს ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი სწავლობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ნავთობის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობას 1,5 მილიონი ტონიდან 20 მილიონ ტონამდე.
წყარო: businessinsider.ge