„წელს აეროპორტების მგზავრთნაკადის 20%-მდე ზრდაც კი რეალურია“ – სავაჭრო პალატის საავიაციო კომიტეტის ხელმძღვანელი

2024 წელს საქართველოს აეროპორტები 6.8 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ახალ სამთავრობო პროგრამაში წერია, რომელიც მ საქართველოს პარლამენტს 2 თებერვალს წარუდგინა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნული პროგნოზი საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებითა და ავიაკომპანიებთან პროაქტიური თანამშრომლობით არსებული ოპერირების გაზრდის, ასევე საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისა და ახალი მიმართულებებით ოპერირების დაწყებითაა განპირობებული.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის საავიაციო კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მიმდინარე წელს აეროპორტების მგზავრთნაკადის 20%-მდე ზრდაც კი რეალურია.
„მთავრობის მიერ პროგნოზირებული 14%-იანი მგზავრთნაკადის ზრდა რეალურია, რადგან გაზრდილია საქართველოს მიმართ ავიაკომპანიების და ვიზიტორების ინტერესი. ვფიქრობ და ჩემი პროგნოზია, რომ წელს მგზავრთნაკადის 20%-მდე ზრდაც კი რეალურია.
ავიაციის ყველაზე დიდი გამოწვევა ქართული ავიაკომპანიების სიმცირე და სუსტი პოზიციებია. ჩვენ თუ გვინდა საავიაციო სფეროს განვითარება ინფრასტრუქტურასთან ერთად, უნდა განვავითაროთ ქართული ავიაკომპანიები, მათ დღეს მთლიანი ბაზრის უჭირავთ 5-6%, დანარჩენი უცხოურ ავიაკომპანიებს უჭირავთ. რა თქმა უნდა მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ეს საერთაშორისო პრაქტიკაა, თუმცა ქვეყანაში საჭიროა ძლიერი ავიაკომპანიები, რომლებიც შექმნიან ამინდს და კონკურენციას გაუწევენ საერთაშორისო ავიაკომპანიებს.
ბოლო დროს შეიქმნა 2-3 ახალი ავიაკომპანია, რაც შეეხება სამგზავროს, Georgian wings- გამოჩნდა ბაზარზე, რომელიც ძირითადად ადგილობრივ და რეგიონალურ ფრენებს ასრულებს, თუმცა რა თქმა უნდა მეტია გასაკეთებელი. მთავრობას უფრო აქტიური მუშაობა სჭირდება საერთაშორისო დონეზე, ინვესტორებთან და საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რომ შემოვიდნენ ამ ბიზნესში და დააარსონ ძლიერი ავიაკომპანიები, რომლებსაც ექნება ქართული ფესვები. ამ ყველაფერზე როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორმა აქტიურად უნდა იმუშაოს“, – ამბობს გიორგი მოლოდინაშვილი.
სამთავრობო პროგრამის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების ნაწილში ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტების, ასევე გასულ წელს დაანონსებული ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტების პროექტის განვითარების შესახებაც არის საუბარი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თუ ვაზიანის აეროპორტი აშენდება, თბილისს 18 მლნ მგზავრის მიღების შესაძლებლობა ექნება, რაც როგორც ჩანს პროექტის პირველადი შეფასებით დგინდება.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2024 წელს ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება დასრულდება და ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და საჰაერო ხომალდების ბაქანის გამტარუნარიანობის გასაზრდელად ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ მიმართულებით მზარდი ტურისტული ნაკადების მისაღებად, 2024 წელს ს საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით, მისი გამტარუნარიანობა შეფასდება.