„წარმოუდგენელია მეან-გინეკოლოგმა 80-იდან 100 ლარამდე თანხის სანაცვლოდ პასუხისმგებლობა აიღოს ორ სიცოცხლეზე“ – სალომე ლოლუა
„სამშობიარო სახლებმა უკვე დააანონსეს დახურვა, ზოგიერთმა კი DRG სისტემიდან გასვლაც, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა სამშობიარო სახლმა თქვა ხმამაღლა და წინასაახალწლოდ გამოუცხადა 85-მდე მედპერსონალს რომ უმუშევრები რჩებოდნენ. დანარჩენები სატესტო რეჟიმში არიან“, – ამის შესახებ ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარემ სალომე ლოლუამ „კომერსანტთან“ სამშობიარო სახლებში DRG სისტემის ამოქმედების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იმ პირობებში, როცა ზოგიერთ გინეკოლოგთან მხოლოდ ექოსკოპია 150 ლარი ღირს, შეუძლებელია მეან-გინეკოლოგს მოეთხოვოს პასუხისმგებლობა აიღოს 2 სიცოცხლეზე 80-იან 100 ლარის ანაზღაურების სანაცვლოდ, რომელიც გაწერილია DRG მოდელში.
„კომუნიკაცია გვქონდა პრაქტიკოს ექიმებთან და თავად სამშობიარო სახლების მფლობელებთან. მდგომარეობა ძალიან რთულია, რადგან 1221 ლარი და 92 თეთრი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ექიმის, როგორც ოპერატორის, საკეისროს შემთხვევაში, მეანის თანხა იყოს განსაზღვრული. ან თუ განსაზღვრული იქნება, DRG სისტემა მოუწოდებს, რომ 1221 ლარში შეყვანილ იქნეს მეანის თანხა და ეს არის ძალიან დაბალი რიცხვი 80-იდან 100 ლარამდე. ამ თანხაში როგორ წარმოგიდგენიათ რომ ექიმი 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს უნდა მივიდეს სამშობიაროში, გააკეთოს საკეისრო კვეთა ან ამშობიაროს პაციენტი, აიღოს ორ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა და ამ ყველაფერში დაეწეროს 80 ან 100 ლარი.
ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ზოგიერთ ექიმთან ექოსკოპია ღირს 150 ლარი, არათუ 2 სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა. შესაბამისად, DRG სისტემას მოჰყვება ის აუცილებელი შედეგი რომ მრავალი სამშობიარო სახლი დაიკეტება“, – აღნიშნა სალომე ლოლუამ.
როგორც მან განმარტა, კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა მესამე დონის სამშობიარო სახლებში, სადაც ორსულებსა და მშობიარეებს დამატებითი კვლევები და მკურნალობის ჩატარება სჭირდებათ.
„ურთულესად არის მდგომარეობა მესამე დონის სამშობიარო სახლებში. მესამე დონის სამშობიარო სახლები იღებენ გართულებულ ორსულობას და გართულებულ მშობიარეებს.
შესაბამისად, ეს ორსულები დატვირთული არიან სხვადასხვა სომატური თუ გინეკოლოგიური დაავადებებით. მათ უფრო მეტი კვლევა და მკურნალობა სჭირდებათ და 1221 ლარში ეს ყველაფერი უბრალოდ წარმოუდგენელია.
საქართველოში სულ 7 ერთეული მესამე დონის სამშობიარო სახლია. აქედან 5 არის თბილისში, 1 ქუთაისში და 1 ბათუმში. ისინი დღეს ფაქტობრივად მუშაობენ წაგებაზე და აუცილებლად დადგება სულ ახლო მომავალში დრო, როდესაც, თუ რამე არ შეიცვალა, მესამე დონის სამშობიარო სახლი ქვეყანაში აღარ გვექნება. ეს ნიშნავს იმას, რომ გართულებულ ორსულობას და გართულებულ მშობიარეებს სამშობიარო სახლები ვეღარ მიიღებენ. მეორე დონის სამშობიარო სახლებს ამის უფლება არ აქვთ“, – განაცხადა სალომე ლოლუამ.
მისი თქმით, ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ჯანდაცვის სამინისტრომ არსებულ სისტემაში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილება მიიღოს.
„ჩვენ უკვე მივმართეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობას და მათთან გავდივართ კონტაქტზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჯანმო-ს და ასოციაციების ჩართულობით გარკვეულ შედეგს დავდებთ“, – აღნიშნა სალომე ლოლუამ.