„წალენჯიხის იუვენტუსმა“ აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატი ტურნირის ფავორიტის წოდებით მეექვსე ადგილით დაასრულა

„წალენჯიხის იუვენტუსმა“ აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატი ტურნირის ფავორიტის წოდებით მეექვსე ადგილით დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, „წალენჯიხის იუვენტუსმა“ ტურინში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო და ქულების მაქსიმუმით ოქროს ჯგუფში მოხვდა.
„წალენჯიხელებმა ლონდონის აკადემიას 12-1, ლოს-ანჯელესს 4-0 და პოლონეთის გუნდს კი 2-1 სძლიეს. ამ შედეგით წალენჯიხა მოასპარეზე 36 გუნდიდან 8 საუკეთესოში მოხვდა, რაც აკადემიის აღსაზრდელების უდიდეს წარმატებად შეფასდა.
ოქროს ჯგუფში „წალენჯიხის იუვენტუსი“ პოლონეთთან და ტუნისთან დამარცხდა, ბოლო ტურში კი შვეიცარიის გუნდი დაამარცხა და მეხუთე ადგილისთვის თამაშის უფლება მოიპოვა.
ბოლო შეხვედრაში ჩვენი მეტოქე ბრაზილიის აკადემია იყო, მატჩი 0:2 დავთმეთ და საბოლოოდ მეექვსე ადგილზე გავედით.
იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო მასშტაბით „იუვენტუსის“ 80 აკადემიიდან წალენჯიხის აკადემია ყველაზე ახალგაზრდაა და მხოლოდ 10 თვის გახსნილია, ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი წარმატება და მნიშვნელოვანი ტრამპლინია შემდგომი ასპარეზობებისთვის.
„წალენჯიხის იუვენტუსის“ აკადემია, სადაც აღსაზრდელები სრულიად უფასოდ სწავლობენ, ერთი წლის წინ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ინიციატივით და ძალისხმევით შეიქმნა და უკვე მსოფლიო ჩემპიონატის უპირობო ფავორიტი გახდა. პატარა წალენჯიხელების თამაშის ამსახველი ფოტოები „იუვენტუსმა“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
ტურინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე „წალენჯიხის იუვენტუსის“ აღსაზრდელებს პირადად ახლდა და გულშემატკივრობდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.