ფილოლოგი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს:
“ვერაფერს იფიქრებ, იტყვი, დაწერ ან გააკეთებ ისეთს, ყველას რომ მოეწონოს – ამქვეყნად იმდენი განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხველი ცოდნა (თუ უვიცობა), განწყობა და ინტერესია, ვიღაც თუ შეგაქებს, სხვა ვინმე აუცილებლად შეგაგინებს.
იცხოვრე ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევ (ამ “მიჩნევაში”, ცხადია, მოქმედებამდე დაფიქრება და გონივრული აზრის გათვალისწინებაც იგულისხმება) და ნუ იდარდებ იმაზე, “რას იტყვის ხალხი” – ეს ხალხი ძალიან ჭრელია და ყოველთვის ყველაფერს იტყვის.
ამის რომ შეგეშინდეს, საერთოდ არ უნდა იცხოვრო, რადგან კრიტიკოსებსა და მაძაგებლებს ყოველთვის თავზესაყრელად “იშოვი” – მითუმეტეს მუდმივად აჟიტირებულ საზოგადოებაში, რომელშიც ყოვლისმცოდნე შემფასებელთა რაოდენობამ დიდი ხანია შესაფასებლებს გადააჭარბა.
საინტერესოა, ამდენი “ბრძენის” (ვინ მოუხმო მათ მარადიულ მსაჯულებად?) “მოღვაწეობის” პირობებში გაცილებით გონივრულად და უკეთესად რატომ არ ვცხოვრობთ?
ასეთებს უბრალოდ ვეტყვი:
წადით, ბიძიებო, გაიარეთ – ჩემს საფიქრალსა და საქმეს როგორმე უთქვენოდაც გავარკვევ.
და, თქვენი ნებართვით, მალევე დაგივიწყებთ – ამ სწრაფმავალ წუთისოფელში თქვენისთანებზე ადამიანმა დრო არ უნდა დაკარგოს.
ყოველი ადამიანი ძვირფასია, მაგრამ – არც ამდენად.
მირჩევნია, რაც დამრჩა, ჩემს ნამდვილ მეგობრებს დავუთმო – ისინი თქვენთვის შემაშფოთებლად ბევრნი არიან.” – წერს მურღულია.