კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მათი წევრების, ვეფხვია კასრაძის და ვასილ კაძელაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს.
როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კოალიციის ერთ-ერთმა დაკავებულმა წევრმა, ვეფხია კასრაძემ უვადო შიმშილობა გამოაცხადა, რაც „საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს „წაყენებული აქვთ აბსურდული ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის“.
„სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს რუსული ხელისუფლების პოლიტდევნილი და რუსული რეჟიმის პატიმარი, ვეფხია კასრაძე, რომელმაც შიმშილობა გამოაცხადა, ვასილ კაძელაშვილი და ყველა პოლიტპატიმარი!
დღეს „ძლიერი საქართველოს“ წევრმა და ჩვენმა თანამებრძოლმა საპატიმროში უვადო შიმშილობა გამოაცხადა, რაც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
ვეფხია კასრაძე დაკავებულია გამოგონილი, აბსურდული ბრალდებით და ვიდეოჩანაწერში, რომლის საფუძველზეც ის დააკავეს, არ იკვეთება არანაირი დანაშაული. პროკურატურა ვერ ასახელებს, ვერც ჩანაწერის განმახორციელებელ პირს და ვერც დროს, თუ როდის განხორციელდა აღნიშნული ვიდეოს ჩაწერა.
ჩვენი თანაგუნდელის, ვეფხია კასრაძის დაკავება იყო რუსული სცენარით, სუს-ის დადგმული უნიჭო სპექტაკლი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების სამართლიანი პროტესტის დისკრედიტაციას.
ვეფხია კასრაძე თავისი ქვეყნის პატრიოტი მებრძოლი ვეტერანია, ის საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ყველა საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა და პირველ რიგში ამის გამო ისჯება რუსული ხელისუფლების მიერ.
ამასთანავე, ჩვენი თანაგუნდელი გორის თეატრის მსახიობია. ვეფხია და მისი ხუთშვილიანი ოჯახი დღემდე საოკუპაციო ხაზთან, კონფლიქტის ზონაში, შეგნებულად და გააზრებულად ცხოვრობს და არ მიუტოვებია მამა-პაპისეული სახლ-კარი. ვეფხია, ყველაზე რთულ რეგიონში ეწევა სოფლის მეურნეობას და აძლიერებს სოფელს.
„ძლიერი საქართველოს“ წევრებს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს წაყენებული აქვთ აბსურდული ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის.
ზემოაღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს პატიმრობას 6-დან 9 წლამდე.
ბრალდების დადგენილებაში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს პირდაპირ, ან ირიბად მათ მონაწილეობას ინკრიმინირებულ დანაშაულში. პროკურატურამ ბრალდების დადგენილებაში ვერ მიუთითა, თუ რა კონკრეტული ქმედება განახორციელა ვეფხვია კასრაძემ და ვასილ კაძელაშვილმა, რაც აუცილებელია დანაშაულის კვალიფიკაციისათვის. ასევე, პროკურატურას არ წარუდგენია არცერთი მტკიცებულება რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. არსებობს მხოლოდ ერთი საეჭვო წარმოშობის ვიდეოჩანაწერი, რომელიც გავრცელდა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის „ფეისბუქ“ გვერდზე. პროკურატურამ ვერ უპასუხა კითხვას და ვერც წარადგინა რაიმე დასკვნა, ან მტკიცებულება, თუ როდის, ან რა ადგილას არის გადაღებული ზემოაღნიშნული ჩანაწერი. წარდგენილი ვიდეოთი ვერ დგინდება მისი ავთენტურობა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/gazi_w_h-750x375-6iuCZb-300x150.jpeg)