ამ დრომდე არაფერი ვიცით 650 მილიონი დოლარის გათეთრების საქმის შესახებ, ისევე როგორც, უცნობია, რა ეტაპზეა “ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სახლებიდან ამოღებული, ხალხისგან ნაძარცვი მილიონების და მათი მფლობელების მიმართ საქმის წარმოება – ფაქტია, რომ ყველა ეს ქმედება ივანიშვილის კარზე შიდა კლანური ძალაუფლების გადანაწილებას ემსახურება და არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან, მითუმეტეს საერთო არაფერი აქვს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებთან და კეთილდღეობასთან! , – ამის შესახებ ნათქვამია “ლელო – ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე შეფასებით, ქვეყანაში კორუფციის მასშტაბი შეუქცევადად იზრდება.
“რაც ახლა ხდება ადასტურებს იმას, რის შესახებაც წლების განმავლობაში “ძლიერი საქართველო-ლელო“ საუბრობდა – სახეზეა სისტემური კორუფცია, სადაც „ქართული ოცნების“ ყველა რგოლია ჩართული და რომელიც ერთი ადამიანის ინტერესებს ემსახურება.
ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ ქვეყანა შავი ფულის სატრანზიტო დერეფნად და აღებ-მიცემობის კერად გადააქცია, სადაც სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია მიმდინარეობს. ძარცვავენ ქვეყნის ბიუჯეტს და ძარცვავენ თითოეულ მოქალაქეს. ეს ქვეყანა კრიმინალური წარმომავლობის, ნაქურდალი და ნაძარცვი ფულის გამტარი ჰაბი გახდა. ამ სქემაში ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო უწყება”, – აცხადებს “ლელო – ძლიერი საქართველო“.
