“ძლიერი საქართველოს” ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა დროს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირებისთვის მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.
მდუმარე პერფორმანსით მოქალაქეებმა პატივი მიაგეს მებრძოლი გმირების ხსოვნას, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ დაღუპული გმირების სახელი და გვარები უკვდავია.
“ძლიერი საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის ბექა ბერძენიშვილის თქმით, უკვდავნი არიან ის გმირები, რომლებმაც თავი გაწირეს იმისთვის, რომ საქართველო დღემდე მოსულიყო.
“ძლიერმა საქართველომ” გადავწყვიტეთ ეს გამოფენა გაგვეკეთებინა, რათა ყველასთვის გვეთქვა, რომ ანწუხელიძე უკვდავია. უკვდავი არიან გმირები, რომლებმაც თავი გაწირეს იმისთვის, რომ საქართველო აქამდე მოსულიყო. არავის მივცემთ უფლებას, მით უმეტეს, რუსულ რეჟიმს, რომ დამოუკიდებლობა წაგვართვან. ამით გვინდოდა მოსახლეობისთვის გვეჩვენებინა, რომ ეს ადამიანები გმირები არიან. აქ არიან აგვისტოს ომის გმირები, უკრაინაში მებრძოლი ქართველი გმირები. მართალია ჩუმი პერფორმანსია, მაგრამ მრავლის მთქმელია. ამით გვინდოდა გვეთქვა, რომ გმირები არავის დაავიწყდება”, – განაცხადა ბექა ბერძენიშვილმა.
„ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, დაღუპულ გმირებთან დაკავშირებული ინსტალაცია გამოხატავს ღირსებას. მისი თქმით, ეს არის შეხსენება, რომ ღირსებას დაცვა სჭირდება.
“ეს ინსტალაცია მხოლოდ ერთ რამეს გამოხატავს – ღირსებას, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე არის შეურაცხყოფილი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ჯარისკაცებს, რომლებიც იბრძოდნენ, “ქართულო ოცნება” შეურაცხყოფას აყენებს და ამბობს მარტივ რუსულ გზავნილს – თითქოს 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, თითქოს საქართველოს მოქალაქეები ვართ ბრალეულები იმაში, რომ საკუთარ ტერიტორიაზე დაგვესხა თავს პუტინი. ეს არის შეხსენება, რომ ღირსებას დაცვა სჭირდება”,- განაცხადა კუპრაძემ.
