ძიძების ასოციაცია რუსულ კანონზე: ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის დაცინვა, თვალში ნაცრის შეყრაა

“ძიძების და საოჯახო მშრომელების პროფკავშირული ასოციაციის შექმნის იდეით სამი წლის წინ გავერთიანდით. ჩვენი მიზანი იყო და არის, გვემუშავა ოჯახში დასაქმებული ქალების საერთო ინტერესებისთვის – ძიძების და დამხმარეების უკეთესი შრომითი პირობებისთვის, სოციალური უსაფრთხოებისთვის. ორი წელი ძირითადად ენთუზიაზმით ვიმუშავეთ. პირველი კვლევა საოჯახო მშრომელებზე CTC-ის დახმარებით გავაკეთეთ. შემდეგ პირველი თანამშრომლობა მარიამ ჭანჭალეიშვილთან და ბიოლის ფონდთან გვქონდა. მარიამი დღემდე ჩვენი მეგობარი და გულშემატკივარია. შემდეგ მალევე იყო სამოქალაქო საზოგადოების ფონდის თანადგომა. დაახლოებით ერთი წელია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და პროგრესული ფორუმის მხარდაჭერით შევძელით უფასოდ ხელმისაწვდომი გაგვეხადა იურიდიული და პროფესიული დახმარება, დაგვეწყო საზოგადოებრივი კამპანია საოჯახო მშრომელების უფლებების და ღირსების დასაცავად. ფინანსური დახმარება მივიღეთ იმისთვის, რისი კეთებაც საჭიროდ და აუცილებლობად მიგვაჩნდა და დღემდე ყველაფერი, რასაც ფულით ვაკეთებთ, მშრომელების საჭიროებებს და ინტერესებს ემსახურება. ფინანსური დახმარების ფარგლებში ასოციაციაში ამჟამად სრულ განაკვეთზე მუშაობს ორი ადამიანი – მათი ხელფასი ძიძის საშუალო ხელფასის ტოლია. მაგრამ კიდევ 4 ადამიანი მუშაობს ენთუზიაზმით, ანაზღაურების გარეშე. ჩვენი ტიპის პროფკავშირული ასოციაციები, ჩვეულებრივ, წევრთა საწევრო გადასახადებით ფინანსდება უცხოურ ქვეყნებში, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ეს თითქმის შეუძლებელია. შეუძლებელია დაბალი ხელფასების, უღირსი საცხოვრებელი პირობების და უწესო საბანკო პროცენტების გამო. კვლევა, რომელზეც ახლა ვმუშაობთ და რომელიც საოჯახო მშრომელების შრომით პირობებს სწავლობს, აჩვენებს, რომ ძიძების და დამხმარეების უმრავლესობას არ შეუძლია, თუნდაც ხელფასის 1 პროცენტი გადაიხადოს საწევროს სახით ჩვენნაირი გაერთიანების შესანარჩუნებლად. სწორედ ამიტომაა, რომ მიღებული ფინანსური დახმარება ანაცვლებს იმას, რისი გაცემაც ჩვენს წევრებს ამ დრომდე არ შეუძლიათ. აგენტების კანონპროექტი – შეცვლილი სახელით – ჩვენთვის და ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის დაცინვაა, თვალში ნაცრის შეყრაა, როცა ვხედავთ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი შეიძლება გეწოდოს იმის გამო, რომ შენი ქვეყნის არასახალხო პოლიტიკის და ეკონომიკის პირობებში პოულობ რესურსს და შესაძლებლობას ფუნქციონირებისთვის, შრომის პირობის გაუმჯობესებისთვის, ღირსებისთვის”.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა