“ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით. მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ ეს ჩემი პირველი გადაღება იყო” – ბელა ჰადიდი – Marao

დღეს ბელა ჰადიდი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი მოდელია. მისი სახელი სმენიათ მათაც კი, ვინც მოდის ინდუსტრიისგან შორს არის. ზოგი ჰადიდის წარმატებას დამსახურებულს უწოდებს, ზოგი კი ყველაფერს ფულს და გავლენიან მშობლებს უკავშირებს.
ბელა ჰადიდი 1996 წლის 9 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამშენებლო კომპანიის მფლობელის, პალესტინური წარმოშობის მოჰამედ ჰადიდისა და ჰოლანდიელი მოდელის, იოლანდა ფოსტერის ოჯახში დაიბადა.
გოგონას ადრეული ასაკიდანვე იტაცებდა ცხენოსნობა და ოლიმპიადაზე ოცნებობდა. 2016 წლის შეჯიბრებისთვის დიდი მონდომებით ემზადებოდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემებმა ხელი შეუშალა – ტკიპის ნაკბენით გამოწვეული ლაიმის დაავადებამ ბელას ოცნებები მთლიანად ჩაშალა. სპორტი უნდა მიეტოვებინა.
15 წლის ასაკში პლასტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიის სამყარო აღმოაჩინა. მართალია, ღიად არასდროს უსაუბრია ქირურგიულ ჩარევებზე, მაგრამ ნებისმიერი სპეციალისტი დაგიდასტურებთ, რომ მისი გარეგნობა მთლიანად გენეტიკის დამსახურება ნამდვილად არ არის.
ქირურგები ამბობენ, რომ მოდელმა განსაკუთრებით ცხვირის ფორმაზე, უმეტესად კი, თვალებსა და წარბებზე იმუშავა. ამ მხრივ, იგი „ტრენდსეტერიც“ კი გახდა – ბევრმა ვარსკვლავმა დაიწყო ბელას ე.წ. მელიის თვალების მიბაძვა.
მოდელი დიდხანს უარყოფდა პლასტიკური ქირურგის ჩარევას. 2022 წელს აღიარა, რომ მან რინოპლასტიკა პირველად 14 წლის ასაკში გაიკეთა. როგორც გაირკვა, ბელას სხეულიც სპეციალისტების მუშაობის შედეგია. ქირურგები ამტკიცებენ, რომ მოდელმა მკერდის ფორმის გაზრდა და კორექცია, ასევე, ლიპოსაქციაც გაიკეთა.
2013 წელს უფროსმა დამ, ჯიჯიმ, სამოდელო სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი, მომდევნო წელს კი მას ბელაც შეუერთდა. 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ბრენდ Desigual-ის ჩვენებაში, ცოტა ხნის შემდეგ კი ფრანგული ჟურნალის, Jalouse-ის გარეკანზე გამოჩნდა. სწორედ მაშინ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ გოგონას წარმატება არა შრომის, არამედ გავლენიანი მამის დამსახურება იყო.
სწრაფად მიღწეულმა უზადო წარმატებამ ბელას საშუალება მისცა, სწრაფად მოეგო მსოფლიოს ცნობილი დიზაინერების გულები. ჰადიდი Tom Ford, Missoni, Moschino, Burberry Prorsum, Marc Jacobs-ის ჩვენებებზე გამოჩნდა, სარეკლამო კონტრაქტები გააფორმა Balmain-თან და Ralph Lauren-თან. საბოლოოდ კი მისი კონტრაქტების სიას Dior-ის სახლი შეემატა.
2019 წელს ამერიკელმა პლასტიკურმა ქირურგებმა „ოქროს მონაკვეთის ფორმულის“ გამოყენებით პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალის სახე გამოავლინეს – ეს ტიტული კი, რა თქმა უნდა, ბელა ჰადიდს მიენიჭა.
ბოლო დროს ბელა ჰადიდის ირგვლივ კიდევ ერთი ჭორი გავრცელდა, რომელიც მის ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას უკავშირდებოდა. სინამდვილეში, 26 წლის მოდელი ლაიმის დაავადებით იტანჯება. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელიც ბევრ ადამიანს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი ბორელიის ბაქტერიაა, რომელსაც, ძირითადად, ტკიპები ატარებენ.
ტკიპებით გამოწვეული ბორელიოზის პირველი სიმპტომები ბელა ჰადიდს 2012 წელს გაუჩნდა, მაგრამ ზუსტი დიაგნოზი მხოლოდ 2015 წელს დაუსვეს. მას შემდეგ, როგორც თავად აღიარა, ყოველდღიურად აწუხებს თავის ტკივილი, გონების დაბინდვა, უძილობა, არარეგულარული გულისცემა, გულისრევა, სუნთქვის გაძნელება, სახსრების ტკივილი და მრავალი სხვა.
22 თებერვალს მოდელმა “ინსტაგრამზე” ახალი ვიდეო გამოაქვეყნა და თავისი ბრენდი, სახელწოდებით Orebella წარადგინა. ბრენდის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მიუხედავად იმისა, რომ ჰადიდს ჯერ არ უთქვამს ბევრი დეტალი იმის შესახებ, თუ რაზეა ორიენტირებული მისი ბრენდი, იყო გარკვეული მინიშნებები. ახალი ბრენდის შესახებ პოსტთან ერთად, ჰადიდმა Instagram-ის სთორიში ფოტოები გააზიარა: ყვავილების უამრავი სურათი და ბოთლი, რომელიც, როგორც ჩანს, სუნამოა.
ამჯერად ბელა სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ თავისი გუნდით ძალიან ამაყობს:
“ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით. მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ ეს ჩემი პირველი გადაღება იყო. ყველაზე ლამაზი დღე ნიჭიერ გუნდთან ერთად. ამ კამპანიის იდეა orebella-ს პირველი კონცეფციის დროს გამიჩნდა. მახარებს ის ფაქტი, რომ გუნდს აქვს საკმარისი ვნება იმისთვის, რომ იდეა განვახორციელოთ” – წერს ბელა.