„ძალიან ბევრჯერ გაგვიგია ლიფტებზე დაპირება, მაგრამ შემდეგ მერია ამ პრობლემას არ აგვარებს“ – სანდრო შელია

“ძალიან ბევრჯერ გაგვიგია მსგავსი დაპირება, მაგრამ როგორც წესი, შემდეგ მერია ამ პრობლემას არ აგვარებს“ – ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ “სი ეი ინთერნეიშენალის” გენერალური დირექტორი სანდრო შელია კახა კალაძის დაპირებას ავარიული ლიფტების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, მ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისში არცერთი ავარიული ლიფტი აღარ იქნება. მისივე თქმით, ლიფტების ჩანაცვლებას მუნიციპალიტეტი მოახდენს. ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, მათ უკვე აქვთ გარკვეული მონახაზი ამ პროგრამაზე.
„პირველი გამოწვევა არის ის, რომ არ არსებობს ერთიანი მონაცემთა ბაზა, სადაც შეყვანილი იქნება ყველა ავარიული ლიფტი. არსებობს რაღაც ბაზები, მაგრამ სამწუხაროდ, ზუსტი აღრიცხვა არ გვაქვს. ასე რომ, სახელმწიფოსთვისაც გაურკვეველია, რეალურად რა მდგომარეობაა ამ კუთხით. თუმცა, ვინც ვმუშაობთ აღნიშნულ ინდუსტრიაში ვიცით, რომ არსებული ლიფტების 80% მაინც რაღაც შეუსაბამობას შეიცავს.
ამასთან, იცით, რომ ლიფტების შემოწმების გარეშე შეუძლებელია ვიცოდეთ, რომელი ლიფტია ავარიული და რომელი არა. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა ჩატარდეს ინსპექტირება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა გამართლებული კონკრეტულ გეგმებზე საუბარი. ნებისმიერ მოდერნიზაციაზე როდესაც მიდგება საქმე, მინიმუმ ის უნდა ვიცოდეთ ჯერ, რამდენი ლიფტი არის გამოსაცვლელი და ამის შემდეგ უნდა დაიწეროს პროექტი, რომელშიც ვფიქრობ, რომ სახელმწიფომაც უნდა გაიღოს თანხები, მაგრამ ძირითადი დაფინანსება ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით უნდა მოხდეს.
კანონის მიხედვით, ეს ლიფტები ეკუთვნის ამხანაგობებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს საქმე უნიკალურ შემთხვევასთან საბჭოთა მემკვიდრეობის სახით. აქედან გამომდინარე, სწორია სახელმწიფოს მხარდაჭერა. იმის მიუხედავად, რომ ეს ეკუთვნის ამხანაგობას, სახელმწიფომ არ უნდა უთხრას ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, რომ ეს ლიფტები თქვენია და თქვენვე მოუარეთ”, – აღნიშნავს შელია.
“სი ეი ინთერნეიშენალის” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ პროექტის 4 წელში განხორციელება არარეალისტური არაა, იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი თანხების მობილიზება მოხდა და მერია მის განხორციელებას მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგა.
“თუ იქნება შესაბამისი ბიუჯეტი და მონდომება, ვერ ვიტყვი რომ არარეალისტური ვადაა. ამ პროექტს თუ ეფექტურად მიუდგები და არა ისე, როგორც მერია უდგება სხვა პროექტებს, შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში ამის განხორციელება”, – დასძინა შელიამ.