მოსკოვს „ძალიან არ უკვირს“, რომ ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და კამალა ჰარისი დემოკრატიული პარტიის ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა იყოს. როგორც კრემლის პრესსპიკერი ამბობს, ბოლო წლებმა მოსკოვს „ასწავლა, რომ არაფერი გაუკვირდეს“.
„ძალიან არ გაგვკვირვებია“, – ამბობს დმიტრი პესკოვი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად და აცხადებს, რომ ამერიკის მოქმედ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, „არამეგობრული განცხადებების“ გაკეთების გარდა, ამერიკა-რუსეთს შორის ურთიერთობებში აქამდე არანაირი როლი არ ჰქონია.
„აქამდე მისი წვლილი, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, არ შეიმჩნევა. იყო განცხადებები, რომლებიც სავსე იყო საკმაოდ არაამეგობრული რიტორიკით ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ მისი ქმედებები, ამ ორმხრივ ურთიერთობებში, არც პლუსია და არც მინუსი,“ – ამბობს პესკოვი.
კრემლის პრესსპიკერ პესკოვს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ჰქონდათ თუ არა აქამდე რაიმე სახის კავშირი კამალა ჰარისსა და ვლადიმირ პუტინს. დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ასეთ ფაქტს ვერ იხსენებს.
„მართალი გითხრათ, არ მახოვს არც ერთი კონტაქტი პრეზიდენტ პუტინსა და ქალბატონ ჰარისს შორის“,- ამბობს დმიტრი პესკოვი.
დემოკრატიული პარტიის მიერ, კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატად ნომინირებას, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მას შემდეგ დაუჭირა მხარი, რაც განაცხადა, რომ მეორე ვადით არჩევისთვის თავად აღარ იბრძოლებს.
ახლა მთელი ყურადღება აგვისტოში დაგეგმილ დემოკრატიული პარტიის კონვენციაზეა მიმართული. სწორედ ჩიკაგოში დაგეგმილ ყრილობაზე დაასახელებს დემოკრატიული პარტია, თავის საპრეზიდენტო კანდიდატს.
ამერიკის მოქმედი 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერს მიმდინარე კვირაში მიმართავს და თავისი გადაწყვეტილების შესახებ დეტალურად ისაუბრებს.