ცხოველთა დამცველი აქტივისტის, ტასო ლოსაბერიძის ინფორმაციით, მცხეთაში, პატრონმა თავის პიტბულს მიუსაფარი ძაღლი დააგლეჯინა. შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.
აქტივისტი სოციალურ ქსელში ძაღლების ჩხუბის ამსახველ ვიდეო ავრცელებს და წერს, რომ ეს პიტბულისთვის ძაღლების ქუჩიდან მიყვანის და მათი დაგლეჯვის პირველი შემთხვევა არ არის. როგორც ის წერს, ბევრი პიტბულის პატრონისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და “ბევრს იმისთვის ყავს ეს ჯიში, რომ აჩხუბოს”.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მცხეთაში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკად მოპყრობას, ან ძალადობას, რამაც დასახიჩრება გამოიწვია. უწყების ცნობითვე, საქმეზე ჯერჯეროვით არავინ დაუკავებიათ.