“ცხინვალსა და თბილისს შორის საზღვრის დელიმიტაცია მნიშვნელოვანი ამოცანაა”-კონსტანტინე კოჩიევი

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველმა, კონსტანტინე კოჩიევმა ჟენევის დისკუსიების 62-ე რაუნდის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს, ასევე აფხაზეთსა და საქართველოს შორის “საზღვრის დელიმიტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.”
“იქ, სადაც არ არის მკაფიოდ განსაზღვრული საზღვრები, ჩნდება ინციდენტების საფუძველი. ადამიანებმა შესაძლოა არ იცოდნენ, სად არის სასაზღვრო ხაზი და გადაკვეთონ ისე, რომ დანაშაული ჩაიდინონ”, – განაცხადა კოჩიევმა.
მისივე თქმით, ზოგადად, ვითარება სტაბილურია, თუმცა მოლაპარაკებებზე ასევე დაფიქსირდა “უარყოფითი ასპექტები, კერძოდ, უპილოტო თვითმფრინავების ფრენები სა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან.”
“ჩვენ ასევე განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში გრძელდება სიძულვილზე დაფუძნებული ისტერიული კამპანია ჩვენი რესპუბლიკების წინააღმდეგ, კერძოდ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის “დაბრუნების” მოწოდებები. ჩვენ მოვუწოდებთ ზომების მიღებისკენ, რათა მომავალშიც არ მოხდეს მსგავსი გამოსვლები საქართველოს ქუჩებში”, – თქვა კოჩიევმა.
რამდენიმე დღის წინ მოსკოვმაც იდენტური განცხადება გააკეთა საზღვრების დელიმიტაციის შესახებ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის შემდეგ.
“რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა თბილისიდან მომავალი შერიგების სიგნალების პრაქტიკაში თარგმნას და კონკრეტულ ნაბიჯებით განვითარებას, მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღებას, ასევე ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას მათი შემდგომი დემარკაციის გზით.”