ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კობახიძის განცხადებას პასუხობს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კობახიძის განცხადებას პასუხობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირში აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად შევა, საოკუპაციო რეჟიმები პასუხობენ. განცხადება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„კიდევ ერთხელ უნდა გავაფუჭოთ ბატონი კობახიძის მეოცნებე განწყობა და ის და სხვა „მეოცნებეები“ რეალობაში დავაბრუნოთ, რომელიც მოიცავს მიმდინარე ღრმა შიდა ქართულ პოლიტიკურ კრიზისს და ამ ფონზე ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. ეს არის ძალიან სერიოზული ფაქტორები და საქართველოს ხელმძღვანელობის უუნარობა მათთან გამკლავებაში არა მხოლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბატონ კობახიძის მიერ გაჟღერებულ „ევროპული ოცნების“ ასრულების ვადებს, არამედ შეიძლება იქცეს რეალურ საფრთხედ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ქვეყანაში და რეგიონში“, – ნათქვამია ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დე ფაქტო უწყება „აბსოლუტურად შეუფერებლად მიიჩნევს ნებისმიერ საუბარს საქართველოსთან ე.წ შეერთებაზე“.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არის სახელმწიფო, რომელმაც მოიპოვა თავისი დამოუკიდებლობა მრავალწლიანი სისხლიანი ბრძოლის შედეგად ქართული ფაშიზმის წინააღმდეგ, გადაიხადა უზარმაზარი ფასი თავისუფლებისთვის. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხმა გააკეთა შეუქცევადი არჩევანი თავისი სუვერენული სახელმწიფოებრიობის აშენებისა და ს ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობებისა და ინტეგრაციული კავშირების განმტკიცების სასარგებლოდ, რომელიც სამხრეთ ოსეთის მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთადერთ რეალურ გარანტს წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.