ცხელი ამინდის გამო, რუსული ხორბლის ფასი ეცემა – Bloomberg

რუსულ ხორბალზე, სხვა ქვეყნის წარმოებასთან შედარებით, ფასები ეცემა – მიზეზი რუსეთში დაფიქსირებული ცხელი ამინდებია, რამაც ხორბლის მოსავლის აღება დააჩქარა, ნედლეულით მოვაჭრეებს კი კონკურენტ ქვეყნებთან შეჯიბრება უწევთ – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე ფასები ჯერ კიდევ მაისში გაზარდა, როდესაც სეზონისთვის შეუფერებელმა ყინვამ და მშრალმა ამინდმა მარცვლეულის მოსალოდნელი მოსავლიანობის გადახედვა გახადა საჭირო. გაზრდილი საექსპორტო ფასის გამო კი რუს ექსპორტიორებს სხვადასხვა შეთანხმების გაუქმებაც მოუწიათ. მაგალითად, ბოლო თვეებია, უკეთესი ფასების გამო, ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი, ეგვიპტე, ნედლეულს რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ყიდულობს.
“შავი ზღვისპირეთში ცხელი ამინდი ხორბლის მოსავლის აღებას აჩქარებს, რაც მოსავლის წნეხს ქმნის, განსაკუთრებით ს მოსალოდნელზე უკეთეს შედეგებზე ცნობების გავრცელების შემდეგ. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც ივნისი რეკორდული იყო რუსული ხორბლის ექსპორტისთვის”, – აცხადებს CRM AgriCommodities-ის ანალიტიკოსი.
რუსეთიდან ხორბლის ექსპორტმა ივნისის თვეში, საშუალოდ, 4.3 მილიონი ტონა შეადგინა – 14%-ით უფრო მეტი, ვიდრე გასულ წელს – Bloomberg-ი ამის შესახებ Rusagrotrans-ის ანალიტიკურ ცენტრზე დაყრდნობით წერს. მათივე ინფორმაციით, ექსპორტის მაჩვენებლები ივლისში, სავარაუდოდ, შემცირდება.
რუსეთი ხორბლის მსოფლიოში წამყვანი ექსპორტიორია, თუმცა 2024-25 წლის სეზონზე შემცირებულ მოსავალს ელოდება, ორწლიანი რეკორდული მაჩვენებლების შემდეგ.