ოპოზიციაში ორი მიმდინარეობა არსებობს: ერთი თვლის, რომ არჩევნებს რაღაც ნაწილში აზრი აქვს, მეორე ნაწილი თვლის რადიკალიზმს და რევოლუციის გზით ხელისუფლების ცვლილებას, მაგრამ ტელევიზორში მაინც გეტყვის – „არა, მე არ მინდა რამე ძალადობრივზე საუბარი“ – ჩემთვის მნიშვნელოვანია გარკვეულობა, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ყოფილმა წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, ბოლო პერიოდში მას უწევდა ისეთ საკითხებზე საუბარი, რისიც თვითონ არ სჯეროდა.
მისივე თქმით, პრობლემური იყო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებები. როგორც კობერიძე აცხადებს, 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ხმებზე უფრო პრობლემური ოპოზიციის მიერ მიღებული ხმები იყო.
„ზურას [ჯაფარიძე] პოზიცია იყო დიდი ერთობისკენ მიმართული, ამ პოზიციის გამზიარებელი კოალიციაში ელენეს გარდა ორი ნიკა ნაკლებად იყო, საჯაროდაც არ იყო დიდი ერთობა. ცდილობდნენ კოალიციის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის როლი წინ წამოეწიათ, რომ ის არის პირველადგილოსანი.
ბოლო ხანებში მივხვდი, რომ ამორფულ სიტუაციაში ვიყავი, უნდა მესაუბრა იმაზე, რისიც მე თვითონ არ მჯეროდა. პირველი განსხვავება ეს არის არჩევნებთან დაკავშირებით შეფასებები. მე ვიცი ამ ქვეყანაში არჩევნები როგორ ტარდებოდა. ვიცი 2018 წლის მეორე ტური, ამას მე ვხედავდი. მაშინ პირველ ტურში ცოტა ხალხი მივიდა და ოპოზიციამ მოიგო. მეორე ტურში მობილიზაცია იყო ბევრი, აღმოჩნდა, რომ როცა ეს ხდება ე.ი. „ქოცების“ ექსელის ფაილმა იმუშავა. ამ არჩევნებზეც [26 ოქტომბრის] ოპოზიცია არ იყო მზად, მოქალაქეებს სულ სხვა რამ ვუთხარით 8 საათამდე…
ჩემთვის „ოცნების“ ხმების ნაწილზე უფრო პრობლემური იყო ოპოზიციის მიერ მიღებული ხმები. თუ ხმების ზრდა არ ხდება პრობლემაა და გაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ხვალ ბიძინა რომ გამოვიდეს და არჩევნები ჩანიშნოს იგივე შედეგი თუ იქნება, მაშინ რას ვაკეთებთ? ამის გააზრება არ ხდება, ჩემთვის არის პრობლემა და მაწუხებდა, რომ რაღაც თუ არ შევცვალეთ და იგივე ვაკეთეთ არაფერი შეიცვლება, არჩევნების შემდეგ ვაკეთებთ იმავეს“, – განაცხადა კობერიძემ.
მისივე შეფასებით, ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რომ ბრძოლის მეთოდები უნდა შეცვალოს, რადგან იმავეს კეთებით არაფერი შეიცვლება.
„ოპოზიციაში ორი მიმდინარეობა არსებობს: ერთი თვლის, რომ არჩევნებს რაღაც ნაწილში აზრი აქვს. ამაზეც გულწრფელად არ საუბრობს და ამბობს, რომ ამაზე კითხვა არ დამისვათ. მეორე ნაწილი თვლის რადიკალიზმს და რევოლუციის გზით ხელისუფლების ცვლილებას, მაგრამ ტელევიზორში მაინც გეტყვის – „არა, მე არ მინდა რამე ძალადობრივზე საუბარი“. ჩემთვის მნიშვნელოვანია გარკვეულობა. ერთშიც გულწრფელი უნდა იყო ან მეორეზე თუ ფიქრობ მაშინ მაგაზე უფრო მეტად მკაფიო უნდა იყო. როდესაც სიტუაცია შუაშია გაჩხერილი და ერთმანეთს დუმილით ვატყუებთ, თითქოს, არანაირი პრობლემა არ ხდება, ეს არის ჩემთვის მთავარი შემაწუხებელი. იგივეს კეთებას გავეშვათ და შეწუხებულები მაინც ვიყოთ, რომ რაღაც არასწორია – ეს იქნება უკეთესი, ვიდრე არსებულის გაგრძელება.
ვისაუბრე ზურასთან. მან მითხრა რომ ესმის ჩემი. ის სხვანაირად უყურებს სიტუაციას, დიდი ერთობა თუ ვერ შედგა, არაფრის არ სჯერა“, – განაცხადა კობერიძემ.
