ცნობილი დედის შვილი, წარმატებული და ნიჭიერი – ვინ არის თეკლა სულაქველიძე – Marao

სასწორზე დადებს ყველაფერს, ოღონდ სკეპტიკოსს საკუთარი ნიჭი დაანახვოს, პირდაპირი და ფიცხია, ცრემლს სხვას არასდროს აჩვენებს”, – ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი მსახიობ თეკლა სულაქველიძის ს ნიშანია.
– ასტროლოგია ძალიან მაინტერესებს. ადამიანს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვიმახსოვრებ.
– გაცნობის მერე ეკითხები, რომელია მისი ნიშანი?
– აუცილებლად. მერე შეიძლება იმ ადამიანის სახელი დამავიწყდეს, მაგრამ არასდროს მავიწყდება, რომელი ნიშნითაა დაბადებული და ვეკითხები ხოლმე, – შენ ლომი ხარ, არა? ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება წაკითხული მაქვს და ეს ცოდნა ადამიანებთან ურთიერთობაში გარკვეულწილად მეხმარება.
– “ჩუმი, მოკრძალებული და უპრეტენზიო ადამიანების კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნება. საოცრად კომუნიკაბელურია, ამავე დროს – თავდაჯერებულიც”.
– (იცინის) ჩუმი კი არა, ძალიან ხმაურიანი ვარ, თავდაჯერებული და კომუნიკაბელურიც, მაგრამ ჩემზე ნაკლებად შეიძლება ითქვას პრეტენზიულიაო. კომფორტის მოყვარული ვარ, ახალ სივრცეებსაც მარტივად ვერგები. პრეტენზიების გამოთქმა, ძალიან თუ არ შემაწუხეს, ნამდვილად არ მიყვარს.
– “მას უყვარს გარშემო მყოფებისთვის საკუთარი ძალების და რაც მთავარია, უპირატესობის დამტკიცება”.
– საჭიროებას თუ ვიგრძნობ, მხოლოდ ამ შემთხვევაში.
– ეს შენს პროფესიაში საჭირო თვისებაა, არა?
– გეთანხმები. საერთოდ, ვერძის თვისებები პროფესიაში თავის დამკვიდრებაში ძალიან მეხმარება. ურთიერთობებში გახსნილი ვარ, პირველობისკენ მიდრეკილიც. მიყვარს, როდესაც ადამიანებზე რაღაც დოზით გავლენას ვახდენ, ეს მაყურებელთან ურთიერთობაში ძალიან მადგება. ჩემი ძალის დემონსტრირება და წინ წამოწევა მხოლოდ საქმეში მიყვარს, ცხოვრებაში – ნაკლებად.
– “ის სასწორზე დადებს ყველაფერს, ოღონდ სკეპტიკოსს საკუთარი ნიჭი დაანახვოს”.
– არ ვეთანხმები, პროფესიაში ასე საჭიროების მიხედვით ვიქცევი, ცხოვრებაში კი ამისთვის თავს არ შევიწუხებ.
– “მიუხედავად ხიფათიანი ბუნებისა, აქვს უნარი ნებისმიერი კრახისა და ფიასკოს შემდეგ, ფეხზე ღირსეულად წამოდგეს”.
– ასეა, ნამდვილი ფენიქსი ვარ.
– ფერფლიდან ბევრჯერ აღმდგარხარ?
– ხშირად, ცხოვრებაშიც და პროფესიაშიც. რაც შეეხება ხიფათს, ვთვლი, რომ იღბალი უფრო მდევს თან, ვიდრე ხიფათი. იღბლიანი ვერძი გამოვედი. ხელმარცხიანი კი ნამდვილად ვარ, რაღაცებს ხშირად ვაფუჭებ.
– საკუთარ თავს, ემოციებს კარგად ფლობ?
– კი, ძალიან კარგად ვფლობ. თეატრალურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა დამეხმარა ჩემი თავის ზუსტად ამოცნობაში, ემოციებისა და განცდების კონტროლში. მანამდე ძალიან ემოციური ვიყავი, ყველაფერს ვაზვიადებდი და ზედმეტად გამოვხატავდი. დღეს უკვე ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანებზე ზემოქმედების მოხდენა, თან ლავირება. არაფერს ვაშავებ იმით, რომ ადამიანებზე მანიპულაცია შემიძლია.
– “ის საკუთარ სურვილებში გარკვეულია და დასახულ მიზნებს 100%-ით ისრულებს”.
– ვცდილობ ყოველი შემთხვევისთვის და ამისთვის ენერგიას არ ვზოგავ.
– მოხერხებულობა არ უნდა გაკლდეს.
– მოხერხებული ვარ, მაგრამ ეშმაკობა მართლა არ შემიძლია. ის, რომ ვიღაცას რაღაც ცუდი მოვუწყო, მერე ისე გამოვიყვანო, თითქოს ასე არ არის, – ეს არ შემიძლია, ძალიან მიამიტი ვარ. დღემდე მსგავსი რამ არასდროს გამიკეთებია და იმედი მაქვს, მომავალშიც არ გავაკეთებ.
– ასტროლოგები ამბობენ, რომ შენი მოტყუება ადვილია.
– მართალია, ადამიანებს მარტივად ვუჯერებ და მერე ეს უკან ცუდად მიბრუნდება. ბოლო დროს, ამ მიმართულებით საკუთარ თავზე ვმუშაობ. არ არის საჭირო ყველასთან გახსნილი და ღია ვიყო.
– “წყენას ადვილად ივიწყებს, საკმარისია ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს”.
– ბრაზიანი და აფექტური ვარ. როცა გავბრაზდები, შეიძლება გეჩხუბო, რაღაც გესროლო, დაგარტყა, მაგრამ მეორე წუთში ვჭამო შოკოლადი და დამავიწყდეს, რომ გაბრაზებული ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში ისეთი წყენებიც არსებობს, რომლის დავიწყებაც ასე ადვილი არ არის.
– “ცრემლს სხვას არასდროს აჩვენებს”.
– ძალიან ახლობლებთან შემიძლია ტირილი, ისიც რაღაც ზღვრის შემდეგ. სხვა შემთხვევაში, ტირილი საკუთარ თავთანაც კი მიჭირს. ამავე დროს შეიძლება ვნახო სევდიანი მელოდრამა და მიღებულმა ემოციამ მარტივად ამატიროს, ბევრად მარტივად, ვიდრე საკუთარმა პრობლემებმა.
– “პირდაპირი და ფიცხი ადამიანია”.
– ასეა, ზურგს უკან ლაპარაკი არ მიყვარს. სათქმელს პირდაპირ თუ არ გეტყვი, მინიშნებით მაინც აუცილებლად მიგანიშნებ. ბოლო დროს ცოტას ვლაპარაკობ, მაგრამ ბევრს ვანიშნებ და ბევრს ვმოქმედებ, ასე მირჩევნია. ადამიანები სიტყვით უფრო ნაკლებად ხვდებიან.
– სიმართლის პირში მთქმელები არ უყვართ.
– ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს არ აქვთ ასეთი დამოკიდებულება. ეს იმის დამსახურებაც არის, რომ გარშემო სწორი ადამიანები მყავს და თავად მეც სათქმელს იუმორში კარგად ვფუთავ, ჩემებური მეთოდი მაქვს.
– “ის არასდროს ელოდება, როდის დაატყდება თავს ბედნიერება, ამისთვის მუდმივად ბრძოლაშია”.
– ნამდვილად ასეა, ჩემი ცხოვრება ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაა.
– “თუ რამე ირწმუნა, შეუძლებელია მისი გადარწმუნება, მასში დონ-კიხოტი სულ ცხოვრობს”.
– საშინლად ჯიუტი ვარ, მეტსაც გეტყვი: როცა მჯერა, მართალს ვამბობ, მაგრამ ვიღაც სხვა ფაქტებით მარწმუნებს, რომ ვცდები, ნათქვამს მაინც არ გადავალ და აუცილებლად ბოლომდე გავიტან, ასეთი ხასიათი მაქვს. იმ წუთში შენ არ დაგანახვებ, რომ მართალი ხარ და გაიმარჯვე, მაგრამ მეორე დღეს გეტყვი.
– “თავისუფლების მოყვარეა, გეგმებით ცხოვრება მისთვის “წყევლაა”, შეზღუდვები “კლავს”.
– დღეს მე ხვალინდელი დღეც კი არ შემიძლია დავგეგმო. არ ვიცი, რა განწყობით გავიღვიძებ, რამდენად ენერგიული ვიქნები, როგორი იქნება ჩემი რეპეტიციების განრიგი… მინდა ცხოვრება რასაც შემომთავაზებს, მაქსიმალურად მივიღო. ცუდი თუ იქნება, გამოცდილება დამიგროვდება, კარგი თუ იქნება, გავბედნიერდები და სიცოცხლის სურვილი მომემატება. შეზღუდვები არ მიყვარს, მომავლის დაგეგმვა დროის ფუჭად ხარჯვა მგონია.
– “კრეატიულია, ყოველთვის შეუძლია ახალი გზების პოვნა, მისთვის გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს”.
– ასეა, ყველაფერში ლაბირინთები მიყვარს. მომწონს თამაში ურთიერთობებში, სცენაზე, ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, კეთილ თამაშებს ვგულისხმობ, რომელიც არავის ვნებს. ცხოვრება ამოცანასავითაა და საინტერესოც ამითაა, ბევრი რამ უნდა გამოიცნო.