SKY იტყობინება, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა “ლაიფციგში” გადასული ელიფ ელმასის შემცვლელი შეარჩია – “უდინეზეს” 21 წლის ნახევარმცველი ლაზარ სამარჯიჩი.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, ნეაპოლში ლაზარის მამაც ჩავიდა და თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, ტრანსფერი განხორციელდება.
ლაზარი ბერლინშია დაბადებული, “ჰერტას” აკადემიის აღზრდილია, ვიდრე 2021 წელს “უდინეზეში გადავიდოდა, 1 წელი “ლაიფციგში” თამაშობდა, ამ სეზონში კი 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის გერმანიის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი სერბეთის ეროვნულ გუნდზე გააკეთა.
ზაფხულში სამარჯიჩი “ინტერში” გადაბარგებასთან ახლოს იყო, მაგრამ მისმა აგენტმა თავისი კლიენტისთვის დიდი ხელფასი მოითხოვა და შეთანხმება არ შედგა. ლაზარს “ნაპოლისთან” ოთხწლიანი კონტრაქტის გაფორმება და სეზონურ გასამრჯელოდ 2.5 მილიონი ევრო უნდა. მისი შეძენა ნეაპოლურ კლუბს 20-25 მილიონი დაუჯდება.