„ცისფერი” – ქვიარ კულტურის შესახებ წიგნის პრეზენტაციას წინაღობები შეხვდა. რატომ?

კომპანია „აჭარა ჯგუფი“ ქართულ ხელოვნებაში ქვიარხედვების შესახებ წიგნის პრეზენტაციისთვის პროექტის ავტორებს სივრცეს უთმობს „არტარეის“ ტერიტორიაზე.
„ვინაიდან „ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი“ ვერ ახერხებს ღონისძიების თავის სივრცეში ჩატარებას, Creative Collective Spectrum-ს [პრეზენტაციისთვის] ვთავაზობთ „აჭარა ჯგუფის“ სახელოვნებო სივრცეს „არტარეას“ ტერიტორიაზე… ჩვენი კომპანია მუდმივად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული სახელოვნებო კულტურის განვითარებაში“, – წერია „აჭარა ჯგუფის“ განცხადებაში, რომელიც დღეს, 5 მარტს „ფეისბუკზე” გამოაქვეყნეს.
წინა დღით „შემოქმედებითმა გაერთიანება სპექტრმა“ (Creative Collective Spectrum) საჯაროდ გამოთქვა აღშფოთება იმის, გამო, რომ „თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის“ ხელმძღვანელმა ნესტან ნიჟარაძემ უარი უთხრა წიგნის „ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” შეთანხმებულ პრეზენტაციაზე.
პროექტის ავტორებმა დაწერეს, რომ ნესტან ნიჟარაძემ 6 მარტისთვის დაგეგმილი ღონისძიება „აბსურდული მიზეზით“ – „სამშენებლო ბლოკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო” გააუქმა.
„მულტიმედია მუზეუმი“ საგამოფენო დარბაზს სასტუმრო „სტამბაში“ ქირაობს, ეს შენობა კი „აჭარა ჯგუფს“ ეკუთვნის. კომპანია აცხადებს, რომ ამ სივრცეში ღონისძიებების დაჯავშნა მათი კომპეტენცია არ არის.
„…მუზეუმი არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და თავად იღებს გადაწყვეტილებას მის სივრცეში გამართულ ღონისძიებებზე“. „აჭარა ჯგუფთან“ წიგნის პრეზენტაციაზე „კომუნიკაცია აქამდე არ მომხდარა“, – წერია კომპანიის ფეისბუკ განცხადებაში.
რადიო თავისუფლებამ მუზეუმის ხელმძღვანელთან, ნესტან ნიჟარაძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა. ის სატელეფონო ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებს არ პასუხობს.
წიგნი „ცისფერი“ თანამედროვე ხელოვნების არტისტების, დავით აფაქიძისა და უტა ბექაიას იდეით შექმნილი გამოცემაა. ის ქართველი მხატვრების მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე შემონახულ 100-ზე მეტ ნამუშევარსა და სპეციალურად ამ წიგნისთვის დაწერილ ტექსტებს აერთიანებს. გამოცემა ქრონოლოგიურად მიმოიხილავს შემოქმედებით ეპოქებს და ერთ ამბად კრავს ქვიარხედვებს ქართულ ხელოვნებაში.
გამოცემას რამდენიმე ავტორი ჰყავს: ქეთევან შავგულიძე, ნიკა ნადირაშვილი, ქრისტინე დარჩია, , თეო ხატიაშვილი და ხათუნა ხაბულიანი. წიგნი ასევე მოიცავს გიორგი კიკონიშვილის, უტა ბექაიას, ლაშა ყაბანაშვილისა და ანდრო დადიანის ტექსტებს. წიგნის დიზაინი ეკუთვნის მანანა არაბულს.
ქართული ქვიარგამოცემის ფინანსური მხარდამჭერები არიან ნიდერლანდების, შვეიცარიის და ნორვეგიის საელჩოები, ასევე გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
პროექტის ავტორების განსაკუთრებული აღშფოთება იმ წინაპირობებმა გამოიწვია, რაც უძღოდა წიგნის პრეზენტაციის გაუქმებას.
29 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გეგმავენ შეიმუშაონ კანონპროექტი, რომლის მიზანიც „საზოგადოების ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან” დაცვაა.
„რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება აპირებს დაიწყოს კანონის განხილვა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. აღნიშნული კანონი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის ყველაზე მკაცრად რუსეთში, სადაც მისი ინიციირება რამდენიმე წლის წინ მოხდა და რომელმაც ძირი გამოუთხარა გამოხატვის თავისუფლების ყველა ფორმას, ჩაახშო ყველა კრიტიკული ხმა, რომლის შედეგებსაც დღევანდელი ს სახით ვხედავთ.
…წიგნის პრეზენტაციის დაანონსებიდან მალევე განსაკუთრებით გააქტიურდნენ ჰომოფობიური პოლიტიკური ჯგუფები და სამთავრობო მედიები, რომლებიც ჯერ არგამოსულ წიგნს „აღვირახსნილი ლგბტ პროპაგანდის” მაგალითად ნათლავენ, რაც, არა მხოლოდ პოპულისტური სიცრუეა, არამედ წიგნში მოყვანილი არტისტების, მათი ნამუშევრებისა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შეურაცხყოფაა“, – აცხადებს „შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრი“.
27 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობისა და „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილი პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა წიგნის „ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” შესახებ. მხოლოდ ყდასა და სახელწოდებაზე დაყრდნობით, მან თქვა, რომ გამოცემა ავრცელებს მოსაზრებას „ვითომ ქართულ ხელოვნებაში მრავლადაა ლგბტ პროპაგანდის მაგალითები“.
რადიო თავისუფლება ესაუბრა წიგნის წინასიტყვაობის ავტორსა და პროექტის მრჩეველს ქეთი შავგულიძეს, რომელსაც ჰკითხა – მისაღებია თუ არა მათთვის „აჭარა ჯგუფის“ შეთავაზება და წიგნის „არტატრეის” სივრცეში პრეზენტაციის გამართვა. „მე გავაკეთებდი პრეზენტაციას, – თქვა მან და დაამატა, – რაც არ უნდა პოლიტიკურად დაძაბული ვითარება იყოს და ამ წიგნს ერჩოდნენ, პატარა გაბედული ნაბიჯები ცვლიან გარემოს“. თუმცა მან გვითხრა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას Creative Collective Spectrum-ი მიიღებს, რადგან პროექტი მას ეკუთვნის. ჯერჯერობით პროექტის ავტორებს “აჭარა ჯგუფის” შეთავაზებაზე პოზიცია არ გამოუთქვამთ.
რუსეთში 2022 წლის დეკემბრიდან აიკრძალა ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერიზმის შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება. ამისათვის გათვალისწინებულია ჯარიმები – მოქალაქეებისთვის 400 000 რუბლამდე და ორგანიზაციებისთვის ხუთ მილიონ რუბლამდე. 2023 წლის 30 ნოემბერს კი რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით აკრძალა არარსებული საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა და ის ექსტრემისტულად გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ