ცეცხლის 60 დღით შეწყვეტის შემთხვევაში, ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, აშშ-ის სამშვიდობო გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გამოცემა „აქსიოსთან“ ისაუბრა.
ზელენსკი იმედოვნებს, რომ კვირას, 28 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ვაშინგტონში შეხვედრის დროს შეძლებს, შეათანხმოს ჩარჩო შეთანხმება ომის შეწყვეტაზე. ასევე, მზაობას გამოთქვამს, გეგმის ვარიანტი რეფერენდუმზე გაიტანოს, თუკი რუსეთი, სულ მცირე, ორი თვით დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას.
უკრაინის პრეზიდენტის თქმითვე, მიუხედავად იმისა, რომ მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, „ტრამპის გეგმა“ კვლავ ითხოვს უკრაინისგან მტკივნეულ ტერიტორიულ დათმობებს და ზელენსკი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ შეძლებს გარკვეულწილად გააუმჯობესოს პირობები. ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე აღნიშნავს, რომ მას დასჭირდება უკრაინელი ხალხის ნებართვა, თუკი ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით „ძლიერი“ პოზიცია არ ექნებათ.
რაც შეეხება ამერიკულ მხარეს, „აქსიოსი“ აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი ზელენსკის მზაობას, ჩაატაროს რეფერენდუმი, მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, ისევე, როგორც ფაქტს, რომ აღარ გამორიცხავს ტერიტორიულ დათმობებს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პლებისციტის ჩატარება დაკავშირებულია სერიოზულ პოლიტიკურ, ლოგისტიკურ უსაფრთხოებასთან და სწორედ ამიტომ არის საჭირო, სულ მცირე, 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა.
1tv.ge



