ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს სთხოვს რეაგირებას და შეფასებას ცესკოს თავმჯდომარის წინააღმდეგ “დისკრედიტაციისა და ბულინგის კამპანიაზე”, რომელმაც, მისი თქმით, “ბოლო რამდენიმე დღეა, განსაკუთრებით ინტენსიური სახე მიიღო.”
18 ნოემბერს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე გიორგი შარაბიძემ თქვა, რომ მნიშვნელოვანია იმის შეფასება, რამდენად ჯდება პროტესტის გამოხატვის საერთაშორისო, ევროპულ სტანდარტებში გიორგი კალანდარიშვილთან დაკავშირებული ქმედებები. ის გამოთქვამს ვარაუდს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ თავდასხმები არის დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობაში ჩარევის მცდელობა, რაც გავლენას იქონიებს არა მხოლოდ საქართველოში მომავალში ჩასატარებელ არჩევნებზე, არამედ მსოფლიოს საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესზეც.
“16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, სოციალურ მედიაში მიმდინარე ბულინგის კამპანია, პირად სივრცეში შეჭრის მცდელობა და აქციები საცხოვრებელ სახლთან დიდი ხანია გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და ეთიკის საზღვრებს. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ნათელია, რომ გასული წლების პრაქტიკის მსგავსად, ეს პერსონალური თავდასხმები ამჯერადაც მხოლოდ იმის დასტურია, რომ დისკრედიტაციის და ბულინგის კამპანიის ავტორებს არჩევნებთან მიმართებაში გაჟღერებული ბრალდებების დასამტკიცებლად არგუმენტები არ აქვთ.
………………..
როგორც ჩანს, დაინტერესებული მხარეები, რომლებიც მათივე გაჟღერებულ ბრალდებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ფაქტებით ვერ ადასტურებენ, პერსონალური თავდასხმებით და დისკრედიტაციული კამპანიებით და შეურაცხმყოფელი ქმედებებით ცდილობენ საზოგადოებაში მათთვის სასურველი აღქმების შექმნას, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მიუხედავად გარკვეული წუხილებისა, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა თავიანთ წინასწარ ანგარიშებში თუ შეფასებებში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და მის მიერ არჩევნების ადმინისტრირება შეაფასეს კარგად”, – თქვა გიორგი შარაბიძემ 18 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.
გიორგი შარაბიძის ბრიფინგის ფონია 16 ნოემბერს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ სხდომაზე მომხდარი ინციდენტი. ამ დღეს ცესკოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით კირთაძემ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ქვეყნის “შავი ლაქა” უწოდა და მას შავი საღებავი შეასხა. გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელი სხდომა ტექნიკური შესვენების შემდეგ ცალთვალახვეულმა ჩაატარა.
ცესკომ დავით კირთაძეს უჩივლა და შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით.
გენერალურმა პროკურატურამ არ უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვას, წარედგინა თუ არა ბრალი დავით კირთაძეს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.