ცესკო მოუწოდებს პრეზიდენტს, შეწყვიტოს უწყების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას და მას უსაფუძვლოსა და დისკრედიტაციულს უწოდებს.
27 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ „ს-ს 26 სექტემბერის დისკრიმინაციული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ათიათასობით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ევროპისა და -ის ქალაქებში დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე“.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ხელს უწყობს იმ დისკრედიტაციულ კამპანიას, რომელიც დაინტერესებული მხარეების მიერ უწყების წინააღმდეგ ხორციელდება:
„საარჩევნო ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და პირადად პრეზიდენტსაც არაერთხელ, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ფარგლებში განუმარტა ის რეგულაციები, რასაც კანონი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით ითვალისწინებს.
შესაბამისად, მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იქმნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. სწორედ კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით მოხდა 26 სექტემბერს ცესკოს სხდომაზე 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის შექმნა. უბანი შეიქმნა ყველგან, სადაც ამის კანონიერი საფუძველი არსებობდა. კანონიერი გადაწყვეტილებების დისკრიმინაციულად წარმოჩენა კი სხვა არაფერია თუ არა უწყების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის დაზიანება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ არა ცესკოს რიგი წევრების კანონის მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვა, ცესკოს ზოგიერთი წევრის პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციის გამო 42 ქვეყანაში მყოფი 65 ათასზე მეტი ამომრჩეველი დარჩებოდა ხმის მიცემის შესაძლებლობის გარეშე. თუმცა, როგორც განცხადებიდან ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის უკანონო, მაგრამ პოლიტიკურად მოტივირებული პოზიცია უფრო მისაღებია, ვიდრე კანონის დაცვა“, – წერია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები, ამომრჩევლისთვის არასწორი აღქმების შექმნის მცდელობები და ამით პატივი სცენ ამომრჩევლებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.
ემიგრანტები საარჩევნო უფლებების შელახვაზე მიუთითებენ და ეჭვქვეშ აყენებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემსაც, რომლის მიხედვით, საკონსულო აღრიცხვის პროცედურა სულ 65 508 ამომრჩეველმა გაიარა.
ემიგრანტები, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის აუცილებლობაზე უკვე რამდენიმე თვეა ლაპარაკობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან