დღეს, ცესკოში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან არსებული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და მიმდინარე საარჩევნო საკითხების, მათ შორის ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიისა და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალურად ისაუბრა.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ ამომრჩევლებს ინფორმაციას ინტენსიურ რეჟიმში აწვდის. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგები.
„მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მივაწოდეთ ინფორმაცია საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ასევე, უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის საკითხებზე ვისაუბრეთ. გავუზიარეთ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული აუდიტის შესახებ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ დაგეგმილ აქტივობებზე, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას უზრუნველყოფს. ჩართულ მხარეებთან შეხვედრები გაგრძელდება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ინკლუზიურ პროცესს და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ჩართულ მხარეებთან მოსაზრებების ინტენსიურ რეჟიმში ურთიერთგაზიარების შესაძლებლობას გვაძლევს“,- აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკოს ცნობით, შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა და მონაწილეებმა შეხვედრაზე განხილული საკითხები შეაჯამეს.
„საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა. სამუშაო პლატფორმის ფარგლებში ჩართულ მხარეებთან შეხვედრები პერიოდულად იმართება“, – აღნიშნულია ცესკოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
