ცესკოს შენობასთან 3-მეტრიანი ღობე დაამონტაჟეს, რაც 300 ათას ლარზე მეტი დაჯდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება იყო.
კონფლიქტის მიზეზი გახდა ცესკოს შენობის ირგვლივ მოწყობილი ღობე. ასევე, ცვლილება ცესკოს რეგლამენტში, რომლითაც ინსტიტუციაში მანდატურის სამსახური ჩნდება.
ცესკო-ში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ ღობის მოწყობა დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო და ის შემადგენელია ნაწილია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.
“ცესკოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები. მოეწყო ელექტრონული საშუალებებისთვის განკუთვნილი საწყობი; უშუალოდ მიმდებარე ტერიტორია მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ მოპირკეთდა ასფალტის საფარით; ასევე, განახლდა ცესკოს მიმდებარე ტერიტორია. ამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნაწილი იყო ღობის მოწყობაც”, – განმარტავს ცესკო-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, ოთარ ბუსკივაძე.
მისი ინფორმაციით, მხოლოდ 3-მეტრიანი ღობისა და მისი თანმდევი კომპონენტების მოწყობა ცესკოს 300 000 ლარზე მეტი დაუჯდა.
რაც შეეხება ცესკოში მანდატურის სამსახურის შექმნას, ამაზე კომისიის წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს. დისკუსიას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ, მისი შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
პროექტის მიხედვით, მანდატურის სამსახური ცესკოს შიდა აუდიტის განყოფილების შემადგენელი იქნება. ეს ნიშნავს, რომ უწყებას დაემატება 4-5 ადამიანი, რომლებიც “ვალდებული იქნებიან, ცესკოს შენობაში და სხდომათა დარბაზში წესრიგი დაიცვან, მათ შორის, დახმარება გაუწიოს ცესკოს თავმჯდომარეს სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვაში”.
კომისიის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან არასაჭიროდ მიიჩნევენ როგორც მანდატურების დამატებას, ისე ცესკოს შენობის ირგვლივ ღობის აღმართვას. მათი თქმით, ცესკოს თავმჯდომარე მანდატურების საშუალებით ეცდება კრიტიკული ხმის ჩახშობას სხდომაზე, ღობე კი უწყებას არჩევნების პერიოდში შესაძლო დემონსტრაციისა და მისგან მომდინარე საფრთხისგან დაიცავს. ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი განმარტავდა, რომ გადაწყვეტილების მიზანი “ინსტიტუციური მოწესრიგებისა და სტანდარტებთან შესაბამისობაა”.
“მე-3 წელია ვარ კომისიის წევრი და ჩვენ ერთი საერთო არჩევნები და 4 შუალედური არჩევნები ჩავატარეთ. მახსოვს ამ დარბაზში დაძაბულობაც, კონსენსუსიც, საქმიანი საუბარიც და არასაქმიანიც, და თქვენ არ დაგჭირვებიათ დახმარება ჩვენ დასაშოშმინებლად და პირიქითაც არ მახსენდება ასეთი ფაქტი. ახლა რატომ გახდა ეს აუცილებელი, რამე წინათგრძნობა გაქვთ, რომ გასაკავებლები ვიქნებით?”, – ჰკითხა კალანდარიშვილს ანა მ, კომისიის წევრმა პარტიიდან “სტრატეგია აღმაშენებელი”.
მას ასევე აინტერესებდა, იქნებიან თუ არა ქალები მანდატურთა შორის. კალანდარიშვილმა დაუდასტურა, რომ მანდატურთა ჯგუფი ორივე სქესის წარმომადგენლებისგან შედგება, მანდატურების საჭიროების შესახებ კი უპასუხა, რომ ეს უწყების განვითარების შედეგია.
“არანაირი წინათგრძნობა, არანაირი ის რიტორიკული განწყობები, რომელიც თქვენს კითხვაში გაისმა, ამ ყველაფრის მიღმა არ დგას. აქ ყველაფერი დღესავით ნათელია და მდგომარეობს იმაში, რომ ინსტიტუციური მოწესრიგების თვალსაზრისით, სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუცია განვითარდეს სხვადასხვა თვალსაზრისით”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, რადგან ცესკო კოლეგიური ორგანოა, ისევე როგორც, მაგალითად, პარლამენტი, საჭიროა საკანონმდებლო ორგანოს მსგავსი ინსტიტუციური მოწყობა. კომისიის წევრთა პროტესტი კი შეაფასა როგორც წესრიგის წინააღმდეგ წასვლა.
კომისიის წევრმა პარტია “ლელოდან”, გიორგი სიორიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ ცვლილებების მიზანი სხდომაზე კრიტიკული აზრის ჩახშობა. კალანდარიშვილის მიერ პარლამენტთან პარალელის გავლებას კი ასეთივე პარალელით უპასუხა. მისი თქმით, როგორც საპარლამენტო კომიტეტის სხდომებზე აძევებენ დეპუტატებს თავმჯდომარისთვის მიუღებელი განცხადებების გამო, ისეთივე ბერკეტად გამოიყენებს მანდატურებს ცესკოს თავმჯდომარეც.
“არაერთი შემთხვევა გვქონია, როდესაც მიკროფონი გამოგირთავთ, არ დაგისრულებინებიათ ჩვენთვის სიტყვა, ჩვენი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა არ მოგიციათ და ახლა, მე ვფიქრობ, რომ დამატებითი ბერკეტი გინდათ შეიძინოთ, როგორც პარლამენტის კომიტეტის სხდომაზეა ეს ინსტიტუტი და ეს რეგულაცია ბოროტად გამოყენებული. მაგალითად, რუსული კანონის ხსენებაზე ჯერ მიკროფონს უთიშავდნენ და მერე მანდატურები აძევებდნენ კომიტეტის სხდომიდან [დეპუტატებს], მსგავსი საფრთხის წინაშე შეიძლება დავდგეთ ჩვენ, როდესაც არჩევნები მოახლოვდება და კრიტიკული აზრი გაისმება, რომელიც თქვენ არ მოგეწონებათ. ეს არის ჩვენი წუხილი და არა ის, რომ წესრიგი უნდა იყოს თუ არა დაცული”, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
“ხშირად არის ეჭვი, რომ პოლიციური რეჟიმი შემოგაქვთ აქ, რომ უსაფრთხოების სამსახური მართავს [ცესკოს] და ამ ეჭვს თქვენი ქმედებები უფრო ამტკიცებს”, – ასე მიმართა ცესკოს თავმჯდომარეს დავით კირთაძემ, კომისიის წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”.
მან კალანდარიშვილს სთხოვა განემარტა, რომელ საერთაშორისო სტანდარტს შეუსაბამა აღნიშნული გადაწყვეტილებები და რომელ ქვეყანაში იცავს ცესკოს ღობე და მანდატურის სამსახური.
“რაში სჭირდება ამას კონკრეტული მაგალითები. ძალიან მარტივია – კოლეგიური ორგანოა, ინსტიტუციის წინაშე გაიზარდა ვალდებულებები, გაიზარდა ადამიანური რესურსი, გაიზარდა ინფრასტრუქტურული მოცემულობა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის, რომ ინსტიტუციაში, კენჭისყრის შენობა იქნება ეს თუ მის მიღმა, წესრიგი იყოს დაცული”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
დავით ჯინჯოლავამ, კომისიის წევრმა “ევროპული საქართველოდან” განაცხადა, რომ ცესკო მხოლოდ 2024 წელს 5,5 მილიონ ლარს ხარჯავს დაცვის პოლიციის მომსახურებისთვის. ამას ემატება უსაფრთხოების სხვა ზომებისთვის გაწეული ხარჯი და დღეიდან, მანდატურის სამსახურიც. ჯინჯოლავამ თავმჯდომარეს სთხოვა, საერთოდ არ გაეტანათ საკითხი კენჭისყრაზე.
“ღობე ძალიან სასაცილო გამოვიდა, ბატონო გიორგი, რომ იცოდეთ. თანამშრომლები ეძახიან მექსიკის საზღვრის ღობეს. წინა არჩევნებზე თქვენს პატარა სხდომათა დარბაზში ორი დაცვის თანამშრომლით ისხედით. ჩვენ ნუ გვეუბნებით, რომ მანდატურის გვეშინია. ჩვენ უბრალოდ ეს მიდგომა არ მოგვწონს, რომელზეც თქვენ პასუხი არ გაქვთ. თითქოს რაღაცა ახალი სტანდარტი უნდა დანერგოთ და მაგისთვის გვჭირდება 17 ადამიანს ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ მანდატურები.
შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამ წელს 5,5 მილიონს ვუხდით დაცვის პოლიციის მომსახურებისთვის. ამას დაემატება მანდატურის სამსახური … რაში გჭირდებათ ეს მანდატურები? მე კი ვიცი ამის პასუხი, საზოგადოებას აუხსენით. დაცვის პოლიცია გყავთ, პირადი დაცვა გეყოლებათ, 4-მეტრიანი ღობე შემოღობილია, რა უნდა გავაკეთოთ ამისთანა ჩვენ, რომ კიდევ 4-5 მანდატური გჭირდებათ?”, – ჰკითხა მან კალანდარიშვილს.
დისკუსიაში ჩაერთო არჩილ ასანაშვილი, კომისიის წევრი “ქართული ოცნებიდან”. მან განმარტა, რომ სხდომიდან ვინმეს გაძევების გადაწყვეტილებას კომისია ერთობლივად იღებს და თავმჯდომარეს ამის დამოუკიდებლად გაკეთება არ შეუძლია. მისი თქმით, წარდგენილი ცვლილებები ამას ეხება. მანდატურის სამსახურის შექმნა კი ამ გადაწყვეტილების აღსრულებას გაამარტივებს.
გარდა ამისა, ასანაშვილის თქმით, თუ აქამდე არსებული რეგლამენტით გაძევებული წევრი დარბაზიდან დაცვის პოლიციას უნდა გაეყვანა, კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში კი საქმეში საპატრულო პოლიცია ერთვებოდა, ახლა “პოლიცია გადის ამ პროცესიდან და შემოდის ჩვენი თანამშრომელი [მანდატური]”.
სხდომაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, ამიტომ ცესკოს თავმჯდომარემ კოლეგებს მოუწოდა, “განცდების დონეს” გასცდნენ და გადაწყვეტილება კენჭისყრით მიიღონ. წევრთა ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, დადგენილების პროექტი 10 ხმით 7-ის წინააღმდეგ მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ