ცესკოს თავმჯდომარე კონფერენციაში „ინკლუზიური და მრავალფეროვანი არჩევნები ტექნოლოგიების ეპოქაში“ მონაწილეობდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა კონფერენციაში „ინკლუზიური და მრავალფეროვანი არჩევნები ტექნოლოგიების ეპოქაში“ მიიღო მონაწილეობა.
ცესკოს ინფორმაციით, კონფერენცია ბათუმში გაიმართა და ის გიორგი კალანდარიშვილმა, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძემ, ს საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძემ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტმა ანტონი ბანბერიმ და IFES საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატა ლევოვსკიმ გახსნეს.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, კონფერენცია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან რამდენიმე თვეში საქართველოში გაიმართება საქართველოს პარლამენტის არჩევნები და კონფერენციის საკითხები სწორედ ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობასა და განვითარებას უკავშირდება.
გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარებისთვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ, ისე ელექტრონული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩასატარებლად გაწეული საქმიანობის შესახებ.
„საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ახალი გამოწვევები მოიტანა – არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარება და, შესაბამისად, ხმის მიცემის ახალი პროცედურების მორგება ყველა ჯგუფისთვის განკუთვნილ სერვისებზე. ჩატარებულმა საპილოტე პროექტებმა დაადასტურა, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ პროცესის მართვა უმჯობესდება, იხვეწება და ვითარდება. უნდა აღინიშნოს, რომ პროცესის წარმატებით წარმართვაში წვლილი შეიტანეს ჩართულმა მხარეებმაც, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მათი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გაზიარებამ ხელი შეუწყო საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო გამჭვირვალედ და ინკლუზიურად წარმართვას. ახლა ვემზადებით ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩასატარებელი პირველი საერთო ეროვნული არჩევნებისთვის, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, სხვა არსებულ სერვისებთან ერთად, ამ არჩევნებისთვის გვექნება სიახლეები როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა ინფორმირების, ისე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების არჩევნების ადმინისტრირების პროცესში ჩართულობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია კონფერენციაზე ცესკოს სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ წარადგინა.
ცესკოს ცნობით, კონფერენციის მონაწილეებმა დღის განმავლობაში შემდეგი საკითხები განიხილეს: „პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის კონცეპტუალური და სტრატეგიული დონის მხარდაჭერა“; „ინკლუზიური საარჩევნო პროცესები – სად ვიმყოფებით: ახალგაზრდები, შშმ პირები, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობები“ და „უხილავი ახალგაზრდობა – ახალგაზრდების პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის გამოწვევები და შესაძლებლობები“. კონფერენციის დასასრულს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია გაიმართა.
კონფერენცია ბათუმში, 9 ოქტომბერს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით გაიმართა. მას სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროგრამის დირექტორი ჯონ დიპირო, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროგრამების უფროსი მენეჯერი ნინო ბოლქვაძე, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახლი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.