საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, რომელსაც საქართველოში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად არჩევნების გაყალბებას ედავებიან, ტაჯიკეთის არჩევნებს აკვირდებოდა.
ეს ინფორმაცია, რაც თავდაპირველად რუსულ მედიაში გავრცელდა, რადიო თავისუფლებას ცესკოში დაუდასტურეს.
ტაჯიკეთი არის ავტორიტარული სახელმწიფო მკაცრად შეზღუდული პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებებით.
ქვეყანაში, სადაც 5,5 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული, კვირას, 2 მარტს გაიმართა პარლამენტის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ოფიციალური შედეგებით, გამარჯვება მმართველ პარტიას ერგო.
არჩევნები ოპოზიციის გარეშე
ტაჯიკეთის ცესკოს თანახმად, ქვეყანაში რეგისტრირებული შვიდი პარტიიდან არჩევნებში ექვსი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის – პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის მმართველი პარტია, სახალხო დემოკრატიული პარტია.
თუმცა რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის ცნობით:
· არჩევნებში მონაწილე არცერთი პარტია არ აკრიტიკებს პრეზიდენტ რაჰმონის პარტიას;
· რეალური ოპოზიციური პარტიის, „ტაჯიკეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, შოკირჯონ ხაკიმოვს „სახელმწიფო გადატრიალების“ ბრალდებით 2024 წლიდან 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი;
· 2015 წელს „ისლამური რენესანსის პარტიის“ აკრძალვის შემდეგ, სწორედ ეს არის ერთადერთი ოპოზიციური პარტია ქვეყანაში.
ეუთო მუდმივად აკვირდებოდა ტაჯიკეთის არჩევნებს, მათ შორის, ბოლო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, თუმცა 2025 წელს მან ტაჯიკეთში საარჩევნო მისია გააუქმა.
ეს გადაწყვეტილება ეუთომ გამოაცხადა 3 თებერვალს, მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთის ხელისუფლებისგან ვერ მიიღო გარანტიები, რომ ეუთოს დამკვირვებლებს არჩევნებზე დამკვირვებლების აკრედიტაციას მისცემდნენ და უფლება ექნებოდათ, დაკისრებული მოვალეობა შეესრულებინათ.
მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო მისია 22 იანვარს გაიხსნა, საარჩევნო ექსპერტების გუნდმა ვერ მოახერხა მუშაობის დაწყება.
უკანასკნელ წლებში ტაჯიკეთის მთავრობა სასტიკად უსწორდება ხელისუფლებისგან განსხვავებულად მოაზროვნეებს, აპატიმრებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ან აიძულებს მათ, ნებაყოფლობით დატოვონ ქვეყანა.
ათობით დამოუკიდებელ ჟურნალისტს, აქტივისტსა და ხელისუფლების კრიტიკოსს მისჯილი აქვს ხანგრძლივი ვადებით პატიმრობა.
ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები რაჰმონის ხელისუფლებას სისტემატურად აკრიტიკებენ მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პლურალიზმის უგულებელყოფისთვის.
ტაჯიკეთის ხელისუფლებას არჩევნებისას არ გაუცია აკრედიტაცია საერთაშორისო მედიისათვის, როგორებიცაა რადიო თავისუფლება, BBC და სხვები. აკრედიტაცია მხოლოდ ადგილობრივ სახელმწიფო და ასევე რუსულ მედიასაშუალებებზე გასცეს.
არჩევნები საქართველოში
გიორგი კალანდარიშვილი საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე 2021 წლის 3 აგვისტოდან არის. სწორედ მისი თავმჯდომარეობის პირობებში ჩატარდა საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგებიც საკამათოა.
ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი სრულად პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები, სადაც ხმა ამომრჩევლის უმრავლესობამ ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ამავე არჩევნებმა დაუდო საფუძველი მძიმე პოლიტიკური კრიზისის მეორე ტალღას ქვეყანაში და განგრძობად პროტესტს, რომელიც ევროპასთან დაახლოებისა და სამართლიანი არჩევნების გამართვის მოთხოვნებს დაეყრდნო.
ამ არჩევნებს, ქვეყანაში მანამდე განვითარებულმა მოვლენებმა, „აგენტების კანონის“ დამტკიცებამ, ხელისუფლების ანტიდასავლურმა გზავნილებმა, ყველა მხარის ხედვით, გადამწყვეტი დატვირთვაც მიანიჭა.
კენჭისყრის დღეს მედიამ და დამკვირვებლებმა მრავალი დარღვევა დააფიქსირეს, მათ შორის:
· ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა – ბიულეტენების მეორე მხარეს გაჟონილი ლაქების შედეგად ჩანდა ამომრჩეველთა არჩევანი;
· ამომრჩეველთა დაშინება და ზეწოლა;
· საარჩევნო უბნებზე დაკვირვების პროცესის ხელის შეშლა და სხვა.
არჩევნების შედეგების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა ეუთო/ოდირმაც.
დეკემბრის ბოლოს საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებისას სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ამომრჩევლების ნდობას არჩევნების პროცესისადმი ძირი გამოუთხარა იმ პრობლემებმა, რომლებიც დასკვნაშიც აისახა.
ამ პრობლემების გამოსასწორებლად შიდა სამართლებრივმა ბრძოლამ შედეგი არ გამოიღო.
სასამართლომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
პრეზიდენტმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკონსტიტუციოსაც მიმართეს, რომელმაც სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს კომისიის ოპოზიციონერმა წევრმა შავი მელანი შეასხა.
ამ კადრებმა საერთაშორისო მედია მოიარა, თეთრ თაბახზე დახატული შავი წრე კი გაჟონილი ბიულეტენებისა და არჩევნების სიმბოლოდ იქცა.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება.
ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, პრეზიდენტი და საზოგადოების ნაწილი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად და მოპარულად მიიჩნევენ. თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში მრავალი ადამიანი გამოდის ქუჩაში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. აქციები 96-ე დღეა, გრძელდება.
ამ წინააღმდეგობამ „ქართული ოცნების“ პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემა საერთაშორისო დონეზეც შეუქმნა. ასევე, გაძლიერდა დასავლეთის ქვეყნების სანქციები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ.
ფორუმი
