ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრას „იზოლირებული შემთხვევა“ უწოდა

მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრას ბრიფინგზე გამოეხმაურა ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. მისი შეფასებით, ეს ფაქტი „იზოლირებულ შემთხვევას“ წარმოადგენს.
„ვრცელდება მედია- და ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე განხორციელდა თითქოს საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთში. ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს – ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში – იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც ჩვენ კენჭისყრის დღესთან მიმართებით ჩავდეთ“, – თქვა კალანდარიშვილმა.
ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. კალანდარიშვილმა მარნეულის საოლქო კომისიას სათანადო გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
„მე მინდა, სასწრაფო წესით, მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, გაერკვეს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ასეთმა შემთხვევებმა, მიუხედავად იმისა, სანამ მოხდება ამ ფაქტის დადასტურება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, -მ გამოძიება დაიწყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, – თქვა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკოს განკარგულებით, მარნეულის #69 საარჩევნო უბანი დაიხურა.
მარნეულში შემთხვევის შესახებ რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს. პასუხის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.