„სექტორს არანაირი გეგმა არ აქვს, მივყვებით დინებას, ვცდილობთ რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ,“ – ამის შესახებ რადიოგადაცემაში „საქმე“ სასტუმროებისა და რესტორნების დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ დეკემბერში თბილისის ცენტრის სასტუმროებში 11 მლნ ლარის ჯავშნები გაუქმდა.
„11 მლნ ლარის ჯავშნები გაუქმდა მხოლოდ დეკემბერში, თბილისის ცენტრის სასტუმროებში. ყველაზე ცუდი ის არის, ეს ტენდენცია გრძელდება. პანდემია რომ არ ჩავთვალოთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი დაბალი მაჩვენებლები, დაბალი დატვირთვა და ციფრები შემოსავლების თვალსაზრისით, არ გვქონია არასოდეს. თებერვალიც არ ჩანს უკეთესი.. იანვარში ახალი წელი მაინც იყო და რამდენიმე დღემ შემოსავალი მოგვცა, თებერვალში კი, ასეთი გამონათებაც არ ჩანს და დღევანდელი მონაცემებით, საკმაოდ რთულ მდგომარეობას ვპროგნოზირებთ თბილისზე.
დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა, ბიზნესს ჩვენი რეალობა გვაქვს, ხოლო მეორე მხარეს {მთავრობას, სახელისუფლებო გუნდს} აქვს მეორე რეალობა.. რეალურად ძალიან დიდ კრიზისში ვართ… სექტორს არანაირი გეგმა არ აქვს, მივყვებით დინებას, კუთხეში მიყენებულივით ვართ და ვცდილოთ, რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ, თუმცა მეორე მხარეს გვაქვს სასწაული ოფიციალური სტატისტიკა.
ორი სამყარო გვაქვს საქართველოში, იქ სადაც რეალურად ვცხოვრობთ და სადაც ბიზნესი ოპერირებს, მეორე კი არის ვირტუალური სამყარო, რაზეც ტელევიზორში უნდა ვილაპარაკოთ და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგად არის. მე ვეძებ ისეთ სასტუმროს, რომელიც იტყვის რომ 2024 წლის ბოლო კვარტალი რეკორდული და ისეთი ჰქონდა, როგორც არასდროს. ვსაუბრობ თბილისის სასტუმროებზე, თუ ვინმეს გაქვთ ასეთი მონაცემი, მობრძანდით. რეალურ სამყაროში მე ასეთი სასტუმრო ვერ ვიპოვე,“ – განაცხადა ალავერდაშვილმა.
ალავერდაშვილის პოზიციას იზიარებს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძეც. მისი შეფასებითაც ახლა სექტორისთვის ურთულესი პერიოდია.
“ბევრი რესტორანი ცუდ დღეშია და დარგი უნდა გადავარჩინოთ,“ – ამბობს გაბრიჩიძე.
მისივე თქმით, რესტორნებში ახლა ქართველები ნაკლებად დადიან, რადგან არ ელხინებათ.
“უამრავი ღონისძიება გაუქმდა ან არც კი დაგეგმილა. ტურისტები ნაკლებად ჩამოდიან, რადგან ჰგონიათ რომ დიდი სამამულო ომია.
დღეის მდგომარეობით, ტურისტი ვინც ჩამოდის საქართველოში, ძირითადად არის ისეთი ქვეყნებიდან, რომელსაც არ ეშინია ასეთი ამბების. ეს ქვეყნებია, მაგალითად: ირანი, ინდოეთი, არაბეთი, ისრაელი და ა.შ. ამ ქვეყნებიდან ტურისტი რომ არ იყოს, საერთოდ ტურიზმი გაჩერდებოდა ქვეყანაში.
შარშანდელ მონაცემებს რომ ვადარებთ, ზოგ ადგილებში 30%-ით არის დაკლებული, ზოგან – 50%-ით. ეს უკვე ნიშნავს რომ ის ადამიანი არის ზღვარზე ქვევით. შესაბამისად, დგას თანამშრომლების შენარჩუნების, იჯარის თუ სხვა გადასახადების გადახდის პრობლემის წინაშე… პირადი გამოცდილება რომ გითხრათ, დეკემბერში მოგვიწია, რომ საკუთარ ობიექტზე დაგვეწერა განაცხადი და გვეთხოვა დღგ-ს გადავადება.
დღეის მდგომარეობით, გასაჭირი გვაქვს ბარში მყოფ რესტორნებს თუ სასტუმროებს რომ მივაღწიოთ თბილ პერიოდამდე, მარტის ბოლო-აპრილამდე, ეს არის ჩვენი დღევანდელი გაძლების ზღვარი,“ – განაცხადა გაბრიჩიძემ.
წყარო: bpn.ge
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/bdbd_w_h-UIzlEm-300x169.jpeg)