ცემით მოკლული 53 წლის კაცი – თანასოფლელების სააღდგომო სუფრა ტრაგედიით დასრულდა

აღდგომის ღამეს, თანასოფლელებს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება 53 წლის კაცის განზრახ მკვლელობით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, სუფრაზე დაწყებული კონფლიქტი მალევე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ადგილობრივების თქმით, 53 წლის კაცი სუფრაზე მყოფმა რამდენიმე პირმა სასტიკად სცემა. მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად ის გარდაიცვალა.

სისხლიანი ანგარიშსწორება სოფელ ნიჩბისში გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ სასტიკად ნაცემი კაცი თანასოფლელებმა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაულის ადგილს საგამოძიებო მოქმედებების კვალი ამ დრომდე ეტყობა.

დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი 43 წლის თეიმურაზ კალატოზიშვილი მცხეთაში დააკავა. დაკავებული პირის უფლებადამცველი აცხადებს, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. მისი თქმით, კალატოზიშვილი ამტკიცებს, რომ ჯგუფურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობა არ მიუღია.