2023 წელი სამშენებლო სექტორისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო. დეველოპერული სექტორის გამოწვევების მიუხედავად, გასულ წელს არაერთი მსხვილი პროექტი დაანონსდა, რომლის განხორციელება და დასრულება უახლოეს წლებში იგეგმება.
„კომერსანტი“ გთავაზობთ მსხვილ დეველოპერულ პროექტს, რომელიც გასულ წელს თბილისში დაანონსდა:
„ორი ცათამბჯენი გმირთა მოედანზე“ – ეს 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დეველოპერული პროექტია. გასული წლის ბოლოს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ გმირთა მოედნის მიმდებარედ, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა. რაც იმას ნიშნავს, რომ კომისია მხარს უჭერს ამ ადგილზე 2 ცათამბჯენის მშენებლობას.
პროექტის თანახმად, თბილისის ცენტრში 2 ცათამბჯენი აშენდება. 52 და 40-სართულიან შენობებში 1 000-1 000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება. პროექტი 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
37-სართულიანი კომპლექსი „საკენი“ და 31-სართულიანი კომპლექსი „მატიანი“ – გასულ წელს მაისში დეველოპერულ ბაზარზე ახალი კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ გამოჩნდა. „ვისოლ ჯგუფის“ პორტფელში შემავალმა კომპანიამ ორი მსხვილი პროექტი „საკენი“ და „მატიანე“ დააანონსა.
თბილისში, ვაჟა-ფშაველას 25 ნომერში, ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთის“ ტერიტორიაზე 133 მეტრი სიმაღლის, 37 სართულიანი პროექტის ჯამური ინვესტიცია 72 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. „საკენის“ საერთო საცხოვრებელი ფართობი 22511 კვადრატულ მეტრს შეადგენს, კომერციული – 9543-ს, ავტოსადგომი კი 9600 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა.
მეორე პროექტი „მატიანია“, რომელიც დიდუბეში წერეთლის #45-ში აშენდება. 31-სართულიანი კომპლექსის ფართი 60,000 კვ.მ.-ა, მომხმარებელს კომპლექსში ბინადრობა 2026 წლიდან შეეძლება.
VR Vake Skyview Tower – ჭავჭავაძის ქუჩაზე სპორტის უნივერსიტეტის (ფიზკულტურულის) ტერიტორიაზე ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე თბილისში ყველაზე მაღალი, 180 მეტრიან შენობის აშენებას გეგმავს.
პროექტში განთავსდება Marriott Executive Apartments-ის 5-ვარსკვლავიანი აპარტამენტები. მულტიფუნქციური კომპლექსის ბოლო სართულზე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საცურაო აუზი იქნება. შენობის სახურავზე ვერტმფრენის ასაფრენი მოედნის მოწყობაც იგეგმება.
„ცენტრალ პარკ თაუერსი“ – თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, კომპანია „ორბი ჯგუფი“ და „ბლოკ ჯგუფი“ 300$ მლნ-იან პროექტს აშენებენ. გეგმის მიხედვით, „ცენტრალ პარკ თაუერსი“, 1500 ნომრიანი 25 ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების ჰაბი იქნება. პროექტი 140 000 კვ/მ ფართობისგან შედგება და ორ 42-სართულიან თაუერსს 6-სართულიანი პოდიუმით გააერთიანებს.
პარკ თაუერსი პირველ სტუმრებს 2025 წლის მაისში მიიღებს. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ საბურთალოზე მოსალოდნელი საგზაო კოლაფსის შესახებ „კომერსანტთან“ სფეროს წარმომადგენლები აქტიურად საუბრობდნენ.
„ცათამბჯენები ქავთარაძის ქუჩაზე“ – გასული წლის ბოლოს საკრებულომ ქავთარაძის ქ.#22ა და 22ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა. საუბარია ყოფილი, „ინტურისტის” ავტოსადგომის ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია განთავსდეს 1 საოფისე ფართი და 2 საცხოვრებელი კორპუსი. გეგმის მიხედვით კორპუსების სიმაღლეები 34, 29 და 14 სართული იქნება.
„სითიზენი“ – თბილისში, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე, კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური საცხოვრებელი პროექტი – CITYZEN Central Park შენდება, რომლის ჯამური ინვესტიცია 300 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტი 46 000 კვ/მეტრზე განთავსდება, საიდანაც 22 000 კვადრატული მეტრი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა. კომპლექსი ოთხი საცხოვრებელი ბლოკისგან და ერთი 32 სართულიანი თაუერისგან შედგება.