ჩრდ. კორეის სამხედროებმა საზღვარი დაარღვიეს, რასაც სამხრეთის გამაფრთხილებელი ცეცხლი მოჰყვა

სამხრეთ კორეელმა ჯარისკაცებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა სახმელეთო საზღვარი დროებით გადაკვეთეს. აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელა.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსის თქმით, მათი არმია ჩრდილოეთ კორეის მიერ საზღვრის მიმდებარედ სამშენებლო აქტივობას აკვირდებოდა, რისი მიზანიც, სამხრეთ კორეის აზრით, ტანკსაწინააღმდეგო ბარიერების აღმართვა, გზების გამაგრება და ნაღმების განთავსებაა. მისი თქმით, აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები განუწყვეტლივ მიმდინარეობს იმის მიუხედავად, რომ ნაღმების აფეთქების რამდენიმე შემთხვევას ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების დაშავება და ზოგიერთ შემთხვევაში გარდაცვალებაც მოჰყვა.
გაერთიანებული შტაბის უფროსის მიხედვით, დაახლოებით 20-30-მა ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცმა, დაუზუსტებელი სამშენებლო სამუშაოების დროს, ქვეყნებს შორის არსებული სამხედრო სადემარკაციო ხაზი დროებით გადაკვეთა. თუმცა, სამხრეთ კორეის მხრიდან მათი გაფრთხილებებისა და გამაფრთხილებელი გასროლის გაკეთების შემდეგ ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა უკან დაიხიეს.
მანამდე, 11 ივნისს, სამხრეთ კორეამ კიდევ ერთი გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთა, როდესაც ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჯგუფმა სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა. გაერთიანებული შტაბის უფროსის თქმით, 17 ივნისის შემთხვევა საზღვრის სხვა ადგილზე მოხდა. მან ასევე დაამატა, რომ მათი წარმოდგენით, ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა საზღვარი განზრახ არ გადაკვეთეს და, ამასთანავე, გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეას საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია.
სამხრეთ კორეის არმიის განმარტებით, საზღვრის მიმდებარე ტერიტორია მცენარეებითა და ხეებითაა დაფარული, რამაც შესაძლოა ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს ხილვადობაში ხელი შეუშალა.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსის აზრით, ჩრდილოეთ კორეის მიერ საზღვართან მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მიზანი ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების მხრიდან სამხრეთში გაქცევის შემთხვევების აღკვეთაა.