„ჩრდილოვან ეკონომიკაში მთავარი პრობლემა მისი აღურიცხაობაა და არა ის, რომ სახელმწიფო დამატებით შემოსავლებს ვერ იღებს“ – აკაკი ცომაია

„ჩრდილოვანი ეკონომიკა არის ეკონომიკის ის ნაწილი, რომელსაც სტატისტიკა ვერ აღრიცხავს და ექცევა მის მიღმა. ეს პრობლემაა იმდენად, რამდენადაც გარკვეული ეკონომიკური აქტივობები რჩება აღურიცხავი, შესაბამისად, ხელისუფლებას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა არის ქვეყნის ეკონომიკის სრული მოცულობა“, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ „კომერსანტთან“ ჩრდილოვანი ეკონომიკის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ჩრდილოვანი ეკონომიკის ნეგატიური მხარე აღრიცხვის მიღმა არსებობაა და არა ის, რომ სახელმწიფო გარკვეული ეკონომიკური საქმიანობებიდან გადასახადების სახით შემოსავლებს ვერ იღებს.
„ეს არის ნაკლები პრობლემა, თუ რამდენად ახერხებს მთავრობა საზოგადოებიდან შემოსავლების ამ ნაწილის ამოღებას. ამას ეკონომიკის განვითარებასთან ნაკლები კავშირი აქვს. ზოგადად, ეს უფრო იმის პრობლემაა, რომ შესაძლოა ბიუჯეტს რაღაც ფინანსები აკლდება იმისთვის, რომ მეტი დანახარჯები გასწიოს. თუმცა, მე ეს არ მიმაჩნია პრობლემად.
იმ ქვეყნებში, სადაც ბევრი რეგულაცია და მაღალი გადასახადებია, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მთლიან ეკონომიკაში მაღალია. საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 14%-ია და ეს არ არის დიდი მაჩვენებელი. მაგალითად -ში არალეგალურად მომუშავე ადამიანების რაოდენობა საკმაოდ მაღალია და მათ ამერიკის ეკონომიკა ვერ ხედავს, იმიტომ რომ ვერ აღირიცხება. თუმცა, ვერც ამერიკის ხელისუფლება ხედავს ამაში დიდ პრობლემას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამის გამოსასწორებლად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდნენ“, – აღნიშნა ექსპერტმა.
მან იმ საქმიანობების სახეებზე ისაუბრა, რომლებიც ჩრდილოვანი ეკონომიკის ძირითად ნაწილს ქმნიან.
„საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის დიდ ნაწილს შეადგენს ოჯახებში დასაქმებული ან თვითდასაქმებული ადამიანების სამუშაო. მაგალითად ძიძები და რეპეტიტორები. ისინი იღებენ ანაზღაურებას, მაგრამ არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს. ასეთივეა ტაქსის მომსახურება, რომლის განხორციელების დროს, ადამიანები არ იხდიან გადასახადს, ასევე გარემოვაჭრეები.
თუ ჩვენ მათ მოვაქცევთ დაბეგვრის ქვეშ, გამოვიყენებთ მკაცრ რეგულაციებს და დავიწყებთ მკაცრად ადმინისტრირებას, ეს იმდენად დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, რომ ამისგან მიღებულმა შემოსავალმა შესაძლოა დანახარჯებიც ვერ აანაზღაუროს.
მეორე მხრივ, ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. თუ ჩრდილოვანი ეკონომიკის სფეროს შემცირებაა მიზანი, ეს ადამიანები იმთავითვე უნდა გავათავისუფლოთ გადასახადებისგან და ვთქვათ, რომ ასეთი აქტივობები საერთოდ არ იბეგრება. ასეთ შემთხვევაში ადამიანები ღიად დაარეგისტრირებენ და გააჟღერებენ ინფორმაციას თავიანთი საქმიანობის შესახებ. ამდენად, ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი სწორედ ეს არის“, – აღნიშნა აკაკი ცომაიამ.
ექსპერტის პოზიციით, მიუხედავად ამისა, არსებობს არალეგალური საქმიანობები, მაგალითად პროსტიტუცია, რომლის ლეგალიზების შემთხვევაში, სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს შემოსავლები და უფრო მეტად ჰქონდეს ინფორმაცია ასეთ საქმიანობებზე.
მისი თქმით, ასევე საჭიროა კრიპტოვალუტით ვაჭრობის რეგულირება, რადგან ვირტუალური ფული, უკანონო გზებით მიღებული შემოსავლების გასათეთრებლად და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის ანაზღაურების საშუალებად გამოიყენება.
„თუმცა, გარკვეული დარგების მიმართულებით, რა თქმა უნდა, საჭიროა სხვადასხვა ტიპის რეგულაციების გამკაცრება. მაგალითად, პროსტიტუცია, რომელიც საქართველოში არალეგალურია და აქედან გამომდინარე ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილია. თუ ის გახდება ლეგალური, მაშინ ამ ბიზნესიდან ადამიანები გადასახადებს ჩვეულებრივად გადაიხდიან.
ასევე საჭიროა კანონმდებლობის მთელი რიგი ცვლილებები ეროვნული ბანკის მხრიდან, მათ შორის ბიტკოინის მიმართ. ხშირად, არალეგალური ბიზნესის წარმოება სწორედ კრიპტოვალუტის საშუალებით ხდება. ასეთია მაგალითად ნარკოტიკების რეალიზაცია. ეს ყველაზე მეტად პრობლემური სფეროა დღეს საქართველოში“, – განაცხადა ექსპერტმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით მდგომარეობა ცუდი არ არის, რადგან აზერბაიჯანსა და რუსეთში გაცილებით დიდია ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი, სომხეთთან შედარებით კი მნიშვნელოვანი განსხვავება არ გვაქვს.
„მეზობელ ქვეყნებთან შედარებას თუ გავაკეთებთ, სომხეთთან მიმართებით განსხვავება დიდი არ გვექნება. აზერბაიჯანს რაც შეეხება, იქ გაცილებით მაღალი იქნება ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მთლიან ეკონომიკაში, პოლიტიკური წყობიდან და საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარე. რუსეთზე კი საერთოდ საუბარი არ ღირს“, – განაცხადა აკაკი ცომაიამ.