ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა

ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიის, “შიდა მაკედონიის რევოლუციური ორგანიზაცია – მაკედონიის ეროვნული ერთიანობის დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენელმა, გორდანა სილიანოვსკა-დავკოვამ გაიმარჯვა.
მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სახელმწიფო საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ბიულეტენების 79.2 პროცენტის დათვლის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გორდანა სილიანოვსკა-დავკოვამ ხმების 64.8 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკიმ კი – 29.2 პროცენტი.
სოციალ-დემოკრატმა პენდაროვსკიმ დამარცხება აღიარა, კონკურენტს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.
ამასთან, წინასწარი მონაცემებით, ჩრდილოეთ მაკედონიის საპარლამენტო არჩევნებში, კოალიცია „თქვენი მაკედონია“ იმარჯვებს, რომლის სათავეშიც „შიდა მაკედონიის რევოლუციური ორგანიზაცია – მაკედონიის ეროვნული ერთიანობის დემოკრატიული პარტია“ დგას. კერძოდ, ბიულეტენების 78.2 პროცენტის დამუშავების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კოალიციამ ამომრჩევლების ხმების 42.5 %-ი მიიღო, ხოლო მაკედონიის „სოციალ -დემოკრატიულმა კავშირმა“ – 14.5 %-ი.