ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე ტურისტებისთვის ახალი საზაფხულო კურორტი გახსნა. კურორტის მშენებლობა 7 წელი გრძელდებოდა და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სივრცე 20 000-მდე დამსვენებელს მიიღებს.
კურორტის გახსნას ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის ელჩთან ერთად დაესწრო. ამჟამად, ჩრდილოეთ კორეა ქვეყანაში ტურისტებს მხოლოდ რუსეთიდან იღებს.
კიმ ჩენ ინის თქმით, მას სურს ჩრდილოეთ კორეის ტურიზმის ინდუსტრიის გაფართოება და განვითარება, რისთვისაც, მისი თქმით, ხალი სანაპირო კურორტი წამყვან როლს შეასრულებს. კიმმა დაამატა, რომ მსგავსი ტურისტული ზონების აშენება მომდევნო წლიდან სხვა რეგიონებშიც დაიწყება.
თუმცა, ჩრდილოეთ კორეამ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვარი 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს ჩაკეტა და ამ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობია, გეგმავს თუ არა ჩრდილოეთ კორეა ქვეყანაში უცხოელი ტურისტების კვლავ მიღებას.