ჩრდილოეთ კორეამ პირველად დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარები გაგზავნა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ის ინფორმაციით, მმართველი პარტიის ცენტრალურმა სამხედრო კომისიამ განაცხადა, რომ მათი ჯარისკაცები, ლიდერ კიმ ჩენ ინის მიერ გაცემული ბრძანების თანახმად, რუსეთის ძალებს კურსკის ოლქის სრულად გათავისუფლებაში დაეხმარნენ.
KCNA-ის ცნობით, ჯარების განლაგების გადაწყვეტილება ფხენიანსა და მოსკოვს შორის დადებული ურთიერთდაცვის ხელშეკრულების შესაბამისად მიიღეს.
ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც სამართლიანობისთვის იბრძოდნენ, ყველა გმირი და სამშობლოს ღირსების წარმომადგენელია.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეისა და დასავლეთის დაზვერვა დიდი ხანია იუწყება, რომ ფხენიანმა გასულ წელს კურსკში ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა.
