ჩრდილოეთ ირლანდიაში ორი ღამეა არეულობა გრძელდება, მომიტინგეები თავს დაესხნენ პოლიციას, სახლები და ავტომობილები დაწვეს

ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბალიმენაში ასობით ნიღბიანმა მომიტინგემ პოლიციაზე თავდასხმა განახორციელა და სახლები და ავტომობილები დაწვა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქალაქში არეულობა ორი ღამეა გრძელდება, რაც არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის ფაქტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას მოჰყვა.
აქციის მონაწილეები პოლიციელებს ე.წ. ბენზინის ბომბებითა და ქვებით დაესხნენ თავს, რის საპასუხოდაც სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ორშაბათს, არეულობის პირველ ღამეს, ხანძრის შედეგად ოთხი სახლი დაზიანდა, ხოლო სხვა სახლებსა და ბიზნეს ობიექტებში კარები და ფანჯრები ჩაამსხვრიეს. პოლიციის თქმით, გამოძიება რასობრივად მოტივირებული სიძულვილით ჩადენილ თავდასხმებზე მიმდინარეობს. ძალადობის შედეგად თხუთმეტი პოლიციელი დაშავდა.
საპროტესტო აქციები ორშაბათს დაიწყო, როდესაც ასობით მომიტინგე ბილიმანში მას შემდეგ შეიკრიბა, რაც სასამართლოს წინაშე წარდგა ორი რუმინელი მოზარდი ბიჭი, რომლებსაც არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.