ჩნდება ახალი პროფესია – ვის მოუწევს სავალდებულო ენერგოაუდიტის განხორციელდება?

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით მხარი დაუჭირა „ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის განმარტებით, კანონპროექტში აისახა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ეხება „ენერგოაუდიტორის“ ტერმინს.
„მოქმედი კანონმდებლობით ენერგოაუდიტი გათვალისწინებული იყო და ყველა პირველი კატეგორიის საწარმო ვალდებულია 4 წელიწადში ერთხელ ჩაატაროს, თუმცა, ამის მიუხედავად არ იყო გათვალისწინებული უშუალოდ ვის უნდა განეხორციელებინა ეს პროცესი. ენერგოაუდიტორის ცნების შემოტანა გულისხმობს სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) სტანდარტის შესაბამისად აკრედიტებულ იურიდიულ პირს ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებულ ფიზიკურ პირს,“ – აცხადებდა ენუქიძე ცვლილებების პარლამენტში განხილვისას.
ამასთან, როგორც ცნობილია, ენერგოაუდიტი განხორციელდება საწარმოებში, სადაც ენერგიის მოხმარება არის მაღალი, იგი სავალდებულო იქნება და ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარდება.
კანონპროექტით გათვალისწინებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის ვალდებულებიდან. კანონის მოქმედი რედაქციით, სახელმწიფოს სარგებლობაში არსებული ფართების 1% უნდა იყოს ენერგოეფექტური, ცვლილების თანახმად კი, ეს ფართობი 3%-ით განისაზღვრება.
წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება ხორციელდება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონშიც.
ცნობისთვის, ცვლილებების ამოქმედება 2025 წლიდან არის დაგეგმილი. აც შეეხება მოსახლეობას, მათ ენერგოაუდიტის ჩატარების ვალდებულება ექნებათ 2028 წლიდან, მაგრამ ეს არ გავრცელდება ძველ შენობებზე.
bpn.ge